პროფკავშირებმა “რუსთავის აზოტს” დავა მოუგო. „რუსთავის აზოტს“ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებითი მოცდენის ანაზღაურება მოუწევს, რაც ამ მომენტისთვის 13.536 ლარს შეადგენს.
პროფკავშირების ინფორმაციით, სს”რუსთავის აზოტიდან” ამწის მემანქანე, ნ. დ. სამსახურიდან 2016 წლის ნოემბერში დაითხოვეს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ კი პროფკავშირების გაერთიანების სარჩელი 27 ნოემბერს დააკმაყოფილა.
„ნ. დ. სამსახურიდან შპს ,,რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ გაათავისუფლა, ხოლო მისი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოუწევს ახალ მფლობელებს, სს ,,რუსთავის აზოტს“ და სს ,,ეუ ინვესთმენთს”, – აცხადებენ პროფკავშირებში.
მათივე ინფორმაციით, მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი იცავდა. კომპანიის ახალი მფლობელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობდა იმ არგუმენტით, რომ ნ.დ. დათხოვნის პერიოდში კომპანიის მართვასთან კავშირი არ ჰქონია. დაზარალებულის დაცვამ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ევროპის სტანდარტების თანახმად – საწარმოს გასხვისების შემთხვევაში, კომპანიის ქონებისა და აქტივების გადაბარებასთან ერთად, ახალ მფლობელს ეკისრება პასუხისმგებლობა დასაქმებულებზე, მათ უფლებებსა და შრომით საკითხებზე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სასამართლოში აწარმოებს “რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებული კიდევ 56 ადამიანის საქმეს, რომლებიც 2017 წლის 25 იანვარს სწორედ ახალი მფლობელის მიერ არიან სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული.
2017 წლის 25 იანვარს სს ,,რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ განახორციელა 330-ზე მეტი დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება, რომელთაგან 56-მა გადაწყვიტა, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს წესით ედავა.
პროფკავშირებმა “რუსთავის აზოტს” დავა მოუგო
2017/11/28 18:22:57

კომენტარები
ნანახია: 1160 ჯერ