ორი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი მის სრულად გამართლებას არ ითხოვს,-ამის შესახებ განცხადება პოლიციაში საკუთარი ფეხით მისულმა არასრულწლოვანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, დაზარალებულის ოჯახი იმსახურებს სრულ სიმართლეს და დანაშაულის მხოლოდ ერთ პიროვნებაზე დაბრალება არ უნდა მოხდეს.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე იგეგმება დაკითხული პირების თავიდან დაკითხვა.
“ საზოგადოება იმსახურებს იცოდეს სიმართლე და იმსახურებს იმას, რომ ნათელი მოეფინოს ძალიან გახმაურებულ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. რა თქმა უნდა განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ დაზარალებულის ოჯახი იმსახურებს სრულ სიმართლეს და მე ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ერთ პიროვნებას შევაწმინდოთ ხელი. თუ მას არ დაუდასტურდა ყველა იმ ჭრილობის მიყენება, რომელსაც მას ედავებიან. რა თქმა უნდა ბრალდებულის ოჯახი არ მოითხოვს ბრალდებულის სრულად გამართლებას, თუმცა თუ ამ საქმეში არსებობენ სხვა დამნაშავეებიც, ისინიც უნდა დაისაჯონ სათანადოდ.
ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული საქმესთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და იგეგმება სხვადასხვა მოწმეების დაკითხვა. ასევე როგორც ჩემთვის ცნობილია იგეგმება იმ დაკითხული პირების თავიდან დაკითხვა, რომლებიც უკვე დაკითხულები არიან და მათი ჩვენებები დევს საქმეში,-აღნიშნა ადვოკატმა.