პოეტ ზვიად რატიანის საქმის სასამართლო განხილვა გადაიდო. შესაბამისი შუამდგომლობა პროცესზე რატიანის ინტერესების დამცველმა დააყენა. ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა მოსამართლეს რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაბამისი დოკუმენტები გადასცა.
რატიანის ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოეტს ტვინის შერყევა აქვს, ცოტა ხნის წინ კი ძლიერი ტკივილი დაეწყო, ამის გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროვებას გეგმავდნენ, რომელსაც სავარაუდოდ უკვე მომდევნო პროცესზე წარადგენენ.
სასამართლო სხდომა ზვიად რატიანის საქმეზე 17 აინვარს 17 საათზე განახლდება.
საქმე შეეხება რატიანის დაკავების პროცესში პოლიციელების მიერ მის ცემის სავარაუდო ფაქტს, რომლის შესახებაც თავად პოეტი აცხადებს.
სამართალდამცველების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ ფაქტი დადასტურდება, პოლიციელები დაისჯებიან, მაგრამ ამავდროულად ზვიად რატიანსაც მოუწევს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო პასუხის გაცემა.
შსს-მ მომხდარზე 24 დეკემბერს ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რატიანი ნასვამი იყო და პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენა. ამასთან მეზვრიშვილმა დასძინა, რომ პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველებს მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც.