საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს.
წმიდა ანთიმოზ ივერიელი 1716 წელ მოწამეობრივად აღესრულა. იგი რამდენიმე ენას ფლობდა და საოცარი ნიჭიერებით გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი იყო. არჩილ მეფეს რუსეთში ახლდა და ქართული სტამბის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. საქართველოში დაბრუნებული ანთიმოზი კავკასიელმა მთიელებმა შეიპყრეს და მონად გაყიდეს. ტყვეობიდან ანტიმოზ ივერიელი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა გამოისყიდა.
1690 წელს ანთიმოზი ვლახეთის მეფის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიწვევით ვლახეთში წავიდა. იგი სტამბის საქმეს ჩაუდგა სათავეში და შეძლო ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად გადაექცია, რომელიც წიგნებს მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს აწვდიდა.
1694 წელს ანთიმოზი სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. 1705 წელს ანთიმოზი რიმნიკის ეპისკოპოსი გახდა, ხოლო 1708 წელს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი.
წმიდა ანთიმოზი ივერიელის ხელმძღვანელობით ვლახეთში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა“ მონასტერი ქალაქ ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მიტროპოლიტმა ყოველთა წმიდათა მონასტერი ბერძნული ეკლესიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.
წმინდა ანთიმოზ ივერიელი ვლახი ხალხის დამპყრობელთაგან გათავისუფლებისთვის აქტიურად იბრძოდა. 1714 წელს თურქების მიერ ვლახეთის მთავარი კონსტანტინე ბრინოკვიანუს სიკვდილით დასჯის შემდეგ, ახალმა მთავარმა მას უბრძანა, უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე. მთავარმა მავროკორდატიმ დახმარებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქს მიმართა და ეპისკოპოსთა კრებამ, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, წმინდა ანთიმოზ ივერიელი ეკლესიიდან განკვეთა. შემდეგ წმინდა ანთიმოზი სინას მთაზე გააძევეს, თუმცა მას წმინდა ეკატერინეს მონასტრამდე არ მიუღწევია. მდინარე დულჩიას ნაპირზე თურქმა ჯარისკაცებმა იგი ასო-ასო აკუწეს და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.
1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 14 (27) სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე დააწესა. ქართული ეკლესია მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.