საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი არცერთ კომპონენტზე არ ფიქსირდება, – ასე ეხმაურება საქართველსო გარემოს დაცვის სამინისტრო საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა.
„საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება“ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მოცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის (WHO) „მსოფლიო ჯანმრთელობის სტატისტიკა 2016” ცნობარის მონაცემებით, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა 2012 წლის გაზომვებს. ამასთან, მიმდინარე წელს WHO-ს მიერ მტვერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევებში ქალაქების მიხედვით (2014 წლის გაზომვებზე დაყრდნობით – იხ. j.mp/whooutdoor) თბილისის დაბინძურება შეესაბამება აღმოსავლეთ ევროპის საშუალო და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს, რაც არ იძლევა IEA-ის ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნის გაკეთების საფუძველს.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში არ გამოიყენება მეთოდოლოგიები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დააკავშირებდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხს სიკვდილიანობასთან სხვა ფაქტორებისაგან (მაგ. შენობების შიგნით ჰაერის ხარისხი, მწეველების რაოდენობა) მოწყვეტით; ხოლო საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, მრავალი რეფორმის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის სათანადო მართვასა და მსგავსი დასკვნების გაკეთების საშუალებას. გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტო გარკვეული პერიოდულობით ატარებს ინდიკატორულ გაზომვებს ატმოსფერულ ჰაერში აზოტის და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის შემცველობის დადგენის მიზნით. მიღებული შედეგების შედარება ევროპულ ნორმებთან არც ერთ შემთხვევაში არ გვაძლევს მაღალი გადახრის სურათს (იხ: http://meteo.gov.ge/radiation_pdf/69.pdf).
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გარემოს ეროვნული სააგენტო მიიჩნევენ, რომ კვლევაში გამოყენებული პირველადი მასალები საჭიროებს დეტალურ შესწავლას, რისთვისაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას წარედგინება ოფიციალური მოთხოვნა აღნიშნული მონაცემების განმარტებისა და დაზუსტების მიზნით. მნიშნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პერიოდულად გამოაქვეყნებს ანგარიშში მოცემული მონაცემების შესწავლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელს უარყოფს
2016/06/28 22:19:28
კომენტარები
ნანახია: 1937 ჯერ