“სირიიდან და იორდანიიდან აფხაზური დიასპორის ჩამოსახლების საკითხი ისევ აქტუალურია – აფხაზეთის დე ფაქტო რეპატრიაციის მინისტრი ბესლან დბარი მათი დასახლების ადგილად გალის რაიონის შემდეგ ოჩამჩირეს მოიაზრებს და ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ხრიპს ჯოპუას შეხვდა, რომელმაც დბარს ქართველების სახლ-კარი შესთავაზა: “ოჩამჩირეში 14 სოფელია, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ და ახლა ცარიელია. არის ორი კორპუსიც, ერთ-ერთში საცხოვრებლად ვარგისი 20 ბინაა, მეორეში _ 78. რემონტდება ყოფილი კოლმეურნეობის შენობაც, სადაც 100 ოჯახის შესახლება შეიძლება. არის ასევე ინტერნატის შენობა. ოჩამჩირეში ცარიელი მიწის ნაკვეთებისა და სასათბურე მეურნეობების ამუშავებაც შესაძლებელია, იქ ჩამოსახლებულ ოჯახებს დავასაქმებთ”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით სირიიდან ჩამოსახლებული აფხაზებისთვის ქართველთა სახლ-კარს ამზადებენ.
“სირიიდან აფხაზების რეპატრიაცია 2012 წლიდან დაიწყო. ისინი გულრიფშში, სოხუმსა და გუდაუთაში ცხოვრობენ, თუმცა ადგილობრივებთან ინტეგრაცია უჭირთ. ამბობენ, რომ იმედი გაუცრუვდათ, რადგან აფხაზეთში იმაზე მძიმე ვითარებაა, ვიდრე სირიაში საომარ პირობებში, ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და უსაფრთხოების საკითხებიც მოუგვარებელია. “კვირის პალიტრამ” აფხაზეთის ქალაქებში ქართველების საცხოვრებელი ფართობების შესახებ ინფორმაცია მოიძია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. ოკუპირებულ რეგიონში, საქართველოს კანონმდებლობით, ქართველების მფლობელობაში არსებული სახლების რაოდენობა: სოხუმი – 19 681; გაგრა – 5 354; გუდაუთა – 1 324; გულრიფში – 8 282; ოჩამჩირე – 9 521; გალი – 18 877. იყო შემთხვევები, როდესაც ქართველ დევნილებს ენგურგაღმიდან მათი სახლების “ახალი პატრონები” უკავშირდებოდნენ და უძრავი ქონების მიყიდვას სთხოვდნენ. ხშირად პატრონები თანხმდებოდნენ, ზოგმა კი უარი თქვა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გაგრაში, წერეთლის ქუჩაზე გვქონდა 4-ოთახიანი ჩეხური პროექტის ბინა. 1998 წლამდე დედაჩემი იქ დარჩა. რუსული განათლება ჰქონდა და აფხაზებთანაც ახლოს იყო, ისინი მფარველობდნენ. მერე როცა ჩვენი დაბრუნებისა და აფხაზეთში ქართული იურისდიქციის აღდგენის იმედი დაკარგა, ქართულ მხარეს გადმოსვლა გადაწყვიტა. მანამდე ლამის ყოველდღე ვუთვლიდით, ჩამოსულიყო. თუმცა მაინც ფეხს ითრევდა, აქაურობას ვერ ვტოვებო… მოგვიანებით გვიყვებოდა, რას გაუძლეს ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში – არ ჰქონდათ საჭმელი, წყალიც კი. აფხაზები ქართველების დაკეტილი სახლების კარებს ამტვრევდნენ, ან პირდაპირ ავტომატის ჯერს უშვებდნენ და პურისა და სიმინდის ტომრებს, შაქარს, ბურღულეულს, რაც კი ხელში მოხვდებოდათ, ყველაფერს ეზიდებოდნენ. ქართველების სახლში შევარდნას აფხაზები ერთმანეთს ასწრებდნენ, თან ამას იმით ხსნიდნენ, თითქოს ქართველებს ეძებდნენ. თუმცა არც უმაგისობა ყოფილა – დედასა და კიდევ რამდენიმე ქართველს კარგა ხანს ჩვენი კორპუსის სარდაფში ეძინათ. მერე აფხაზებმა ქართველების დაკეტილი სახლების დატაცებაც დაიწყეს. ამას უფრო სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა, ვიდრე საჭმლის მოპოვებას”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას აფხაზეთიდან დევნილი რომან ჩიქოვანი.
“შემდეგ თურმე ერთმანეთისთვის წამოუძახებიათ, თქვენ ის ხალხი არა ხართ, ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში ქართველების სახლების გამო ერთმანეთს რომ ტყვია ესროლეთო? ეს ტაციაობა წლები გრძელდებოდა… ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დედამ მომწერა, მე თუ აქედან წამოვალ, ეს ბინა დაიკარგებაო. ვერაფერი ვუთხარი… დედა მაინც ჩამოვიდა და… კონვერტით 9 მილიონი რუბლი ჩამოიტანა. ეს ჩემთვის შოკი იყო, გულში რაღაც ჩამწყდა და იმ ტკივილს დღემდე ვატარებ. როდესაც ჩემი ახლობლები აფხაზეთში დარჩენილი ქართველების სახლების მონატრებაზე იწყებენ ლაპარაკს, მე ჩუმად ვარ, თითქოს სინდისი მქენჯნის, ასე მგონია, მე მივატოვე, ჩემი ნება-სურვილით. თუმცა მაწყნარებენ, იმ თანხით აქ ბინა მაინც იყიდე, ნეტავ მეც ასე მოვქცეულიყავიო, მაგრამ არ მჯერა, რომ მართლა ასე ფიქრობენ”, – თვლის რომან ჩიქოვანი.
“2014 წელს იქაური რუსი და აფხაზი ახლობლების დახმარებით მეც გავყიდე სახლი. ხშირად მესიზმრება, რომ შორიდან ვუყურებ, შინ ვერ შევდივარ, ხან გასაღებს ვერ ვპოულობ და მის ძებნაში მეღვიძება… ის ჩემი ბავშვობის სახლი იყო და კარგად მახსოვს, როგორ აშენებდნენ, მე და ჩემი და-ძმაც ვმონაწილეობდით. ომის შემდეგ 5-ზე მეტი პატრონი გამოიცვალა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ვერც ერთმა ვერ გაიხარა. აფხაზებში წარმართული ტრადიციები ყოველთვის იყო, წყევლისაც ყოველთვის სჯეროდათ, ბოლო პატრონი უკურნებელი სენით იყო ავად და როგორც მითხრეს, სურდა სახლში თანხა გადაეხადა, იქნებ ამის შემდეგ მშვიდად ცხოვრება შევძლოო. თურმე მუდმივად ესიზმრებოდა მოხუცი ქალი და ხელჯოხიანი მამაკაცი. შემდეგ უკითხავს, ამ სახლის პატრონები როგორ გამოიყურებოდნენო? უთქვამთ, პატრონი კოჭლი იყო, ხელჯოხით დადიოდა. მოკლედ, იმ კაცმა გვიპოვა და შემოგვითვალა, მე ეს თანხა მაქვს და თუ არ გაწყობთ, მითხარით და როგორღაც დავამატებო… ახლა, ალბათ, თავის მართლებასავით გამოდის, მაგრამ მაშინ მეორედ დავკარგე სახლი და უამრავი ახლობლის გულისწყრომაც დავიმსახურე”, – დასძენს აფხაზეთიდან დევნილი გული ქანთარია.
“დაწყევლილ სახლში ცხოვრება არ გვინდაო და 80.000 დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი შემომთავაზეს, ამბობენ, რომ გაგრელები არიან… ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში მითხრეს, რამდენსაც გვეტყვი, გადაგიხდითო, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს არ აღმოგვაჩნდა ძალა, ის სახლი გაგვეყიდა, რადგან ეს არის ძაფი, რომელიც მშობლიურ კერასთან გვაკავშირებს და მისი გაწყვეტა ვერ შევძელით. წარსულთან კავშირს ვერ ვწყვეტთ, თუმცა ეს მხოლოდ წარსული კი არა, ჩვენი ცხოვრებაა, სადაც ბედნიერება დავტოვეთ. ასეთ თავდადებას სულაც არ ვითხოვთ ჩვენი შვილებისგან, თუ მოისურვებენ, გაყიდონ“, – მიიჩნევს აფხაზეთიდან დევნილი ელენე ქარჩავა.