412 დაღუპული, მათ შორის, 170 ჯარისკაცი; 1747 დაჭრილი;130 000 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 000 განადგურებული სახლი; 53 მიწასთან გასწორებული ქართული სოფელი;
რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული 5 ხეობა და 125 სოფელი… ამასთან, რუსეთმა სრულიად უკანონოდ აღიარა მთლიანად მასზე დამოკიდებული და მის მიერ მართული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
წლებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ვცდილობთ მშვიდობიანი გზით გადავჭრათ კონფლიქტი, მაგრამ ოკუპაცია გრძელდება. მადლობელი ვართ პარტნიორების საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერის გამომხატველია ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეების მიერ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თუ მთავრობების წარმომადგენელთა მიერ ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციები და განცხადებები. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ თარიღს ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე-პრემიერთან ერთად ვიხსენებთ ჩვენს თავს დატრიალებულ ტრაგედიას, პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და საერთო პოზიციით, ერთად მდგომნი კიდევ ერთხელ ვახსენებთ მსოფლიოს, რომ საქართველოს 20 პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ასიათასობით ადამიანი კი ისევ დევნილია საკუთარ მიწაზე.
სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის მუქარას, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენს ატლანტურ მისწრაფებას სწორედ ეს რუსული საფრთხე ამძაფრებს. რუსეთი ყოველი ქმედებით, განცხადებით ამტკიცებს, რომ არ დაუშვებს საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებას. საქართველოს მშვიდობიანი განვითარების გარანტი სწორედ ნატოში გაწევრიანება და ამ პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებაა. სამშვიდობო პოლიტიკით, მეტი ჩართულობით, კონტაქტებით და საერთო ინტერესების წახალისებით კვლავ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი ხელოვნურად გახლეჩილი, რუსული მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს დარჩენილი საზოგადოება.