პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.
ბარაბაძემ განმარტა, რომ თებერვალში სამეურვეო საბჭომ ის თანამდებობიდან სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მოტივით არ გაათავისფულა.
„ჯერ კიდევ 3 თებერვალს დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა ვინაიდან მე არჩეული ვიყავი დირექტორის თანამდებობაზე, სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება. საბჭომ ჩათვალა, რომ იმ ვითარებაში, შესაბამისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის და რომ არ მომხდარყო კიდევ რაიმე ექსცესი, დავეტოვებინე თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, მე მქონდა ეს პასუხისმგებლობა, დავრჩი სასწავლო პროცესის დასრულებამდე თანამდებობაზე და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, მე ხელმეორედ მივმართე სამეურვეო საბჭოს განცხადებით. ისინი უკვე იძულებულები გახდნენ დაეკმაყოფილებინათ ჩემი განცხადება. მე შემეძლო არ მიმემართა გადადგომის თხოვნით სამეურვეო საბჭოსთვის, თუმცა ეს იყო ჩემი მორალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.
