გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდება,- ამის შესახებ გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის რჩება სამთავრობო გუნდში და მასთან ერთად გააგრძელებს საქმიანობას.
”მესმის, რომ არსებობს საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მე მივიღე გადაწყვეტილება პრემიერთან კონსულტაციების შემდეგ და ამ გადაწყვეტილების ძირითადი მესიჯი არის, რომ მე ვრჩები მის გუნდში და მასთან ერთად ვგეგმავ გავაგრძელო საქმიანობა იმ დასახული მიზნების განხორციელებისთვის, რომელთა თაობაზე მე ალბათ უფრო მეტად ვარ ინფორმირებული, რადგან ვიცი იმ გეგმების თაობაზე რაც აქვს პრემიერ-მინისტრს. ქვეყნის სტრატეგიული, მდგრადი განვითარების გეგმები ჩემთვის არის აბსოლუტურად მისაღები და მათი რეალიზაციის პროცესში მე ჩართული ვიქნები ინტენსიურად”, – განაცხადა აგულაშვილმა.