BBC საფრანგეთში მოსწავლეების მასშტაბურ გამოსვლებს ვრცელ სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციები, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებში პერსონალის ნაკლებობასა და ინფრასტრუქტურის მძიმე მდგომარეობას უკავშირდება, მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა.
ბოლო კვირების განმავლობაში დაკავებულია თითქმის 7 000 ადამიანი, მათი 85%-ზე მეტი არასრულწლოვანია, ხოლო 700-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრაციები ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციასაც ასახავს.
საფრანგეთის ქალაქ ლილში, სადაც ქუჩებში ნაგვის ურნები იწვის და აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „ყველას სძულს პოლიცია“, – ერთ-ერთი მოსწავლე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა მან და მისმა მეგობრებმა ქუჩაში გამოსვლა.
„სკოლაში სკამებიც კი არ გვყოფნის. ყოველი გაკვეთილის დასაწყისში თავად უნდა ვეძებოთ, სად დავსხდეთ“, – ამბობს 16 წლის მოზარდი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მისივე თქმით, მოსწავლეებს სადილისთვის მხოლოდ 50 წუთი აქვთ, თუმცა სასადილოთი 2 000-მა მოსწავლემ უნდა ისარგებლოს.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გარკვეულ დათმობებზე წასვლას ცდილობს, მოსწავლეები უკან დახევას არ აპირებენ, წერს BBC.
„მათ ჰყავთ არმია, ჰყავთ პოლიცია, აქვთ ძალაუფლება. მაგრამ ჩვენ ხალხის მასა ვართ“, – აცხადებს 18 წლის მასიკელა, რომელიც ლილის ქუჩებში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობს.
ძალადობაში გადაზრდილი საპროტესტო აქციები საფრანგეთის პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა. დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ვითარების გამწვავებაში ადანაშაულებენ. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც ულტრამემარჯვენე, ისე ულტრამემარცხენე პოლიტიკოსები ცდილობენ, გამოიყენონ არეულობა და საზოგადოების ის უკმაყოფილება, რომელიც, ბევრი მოქალაქის აზრით, მთავრობის მიერ კრიზისის მოუგვარებლობას უკავშირდება.
პროტესტი პარიზის ღარიბ გარეუბან კრეტეიში მდებარე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლიცეუმში დაიწყო, თუმცა მალევე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც სხვა სკოლების დერეფნებში ვირთხები დარბიან. ამ კადრებმა მოსწავლეთა უკმაყოფილების თვალსაჩინო სიმბოლოს სახე მიიღო. TikTok-სა და Instagram-ზე ასევე გამოჩნდა ვიდეოები, რომლებშიც გატეხილი საპირფარეშოები, კედლებში ნახვრეტები და დაობებული ჭერია ნაჩვენები.
მოსწავლეები ჩივიან, რომ ზაფხულში საკლასო ოთახებში აუტანელი სიცხეა, ზამთარში კი – ყინავს. მათი უკმაყოფილების მიზეზებს შორისაა ხანგრძლივი სასწავლო დღეები, მასწავლებლების ქრონიკული დეფიციტი, გადატვირთული კლასები და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის სისტემა, რომელსაც ბევრი მოსწავლე მკვეთრად უარყოფითად აფასებს.
როგორც BBC-ის ჟურნალისტებმა ამ კვირაში ათობით მოსწავლესთან საუბრისას გაარკვიეს, მთავრობისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ცალკეულ სკოლებში შესაძლოა მღრღნელების პრობლემა არსებობდეს, თუმცა მოსწავლეთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მთლიანად განათლების სისტემა მათ საჭიროებებს ვერ პასუხობს.
საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, სამშაბათს გამართულ მსვლელობებში 250 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო. პროფკავშირების შეფასებით კი, აქციის მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით ნახევარ მილიონს შეადგენდა.
პროტესტში მხოლოდ მოსწავლეები არ მონაწილეობენ. მათ მასწავლებლებიც შეუერთდნენ.
მოსწავლეებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა დილის 8 საათზე სწავლის დაწყება და საღამოს 6 საათამდე სკოლაში დარჩენა. ამასთან, გაკვეთილებს შორის ზოგჯერ რამდენიმე საათიანი შუალედებია, რაც, მასწავლებლის განმარტებით, ცუდი დაგეგმვისა და კადრების ნაკლებობის შედეგია.
როდესაც გაკვეთილები ტარდება, კლასებში, როგორც წესი, 35 მოსწავლეა. შედარებისთვის, ინგლისის საშუალო სკოლებში კლასის საშუალო ზომა 23 მოსწავლეზე ნაკლებია.
„უკვე შეუძლებელია, თითოეულ ბავშვს ის ყურადღება დაუთმო, რომელსაც იმსახურებს“, – აცხადებს მონენსი.
ხუთშაბათს საფრანგეთის მთავრობამ მომიტინგეების მოთხოვნების მიმართ პირველი დათმობის ნიშნები გამოავლინა და უახლოეს დღეებში 3 000 დამატებითი შემცვლელი მასწავლებლის დასაქმების პირობა დადო.
პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, კრიზისის მოსაგვარებელი გეგმა ოქტომბრის ბოლომდე გამოქვეყნდება. მინისტრების თქმით, შესაძლოა, მომავალი წლის შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში სკოლებისთვის გამოყოფილი რესურსების საკითხიც გადაიხედოს.
თუმცა ამ დაპირებებს ქვეყნის მასშტაბით ბარიკადებით ჩაკეტილ სკოლებთან შეკრებილი მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან.
„პრობლემა მხოლოდ სკოლებში გამართული საპირფარეშოების არსებობას არ ეხება“, — აცხადებს პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე, მარიანას ქანდაკებასთან შეკრებილი ლიცეუმის მოსწავლე ალსიდორი.
„ეს საფრანგეთის ახალგაზრდების ძლიერი უკმაყოფილებაა. ისინი გრძნობენ, რომ არავინ წარმოადგენს მათ ინტერესებს, რომ მიტოვებულები არიან, არავინ უსმენს და მომავლის ეშინიათ“, – ამბობს ის.
