ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მარიხუანას წარმოება-ექსპორტის ინიციატივასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს.
როგორც მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, აინტერესებს, რა ავტორიტეტი ექნება პოლიციას, თუ ახლა სამართალდამცავები გააკეთებენ იმას, რასაც აქამდე ებრძოდნენ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას შეუძლია „გადახედოს“, რამდენი ადამიანი გაჰყვება მას და რამდენი ეკლესიას.
„შინაგან საქმეთა მინისტრს ვიცნობ, ჭკვიანი კაცია და მინდა მას მივმართო. ის არის პოლიციის სახე დღესდღეობით. ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიცია და დღევანდელდამდე, ძველი დროიდან მოყოლებული, ქართველი სამართალდამცველები რასაც ებრძოდნენ, ახლა თვითონ რომ ეგ გააკეთონ, რა ავტორიტეტი ექნებათ პოლიციაში? დღეს ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას? იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილდღეობაზე გველაპარაკებიან. გადახედონ და შეხედონ რამდენი გაყვება მათ და რამდენს ექნება ჩვენი იმედი, რომ არ მივატოვებთ.
მე კიდევ მჯერა და იმედს მაინც ვიტოვებ, რადგან ადამიანს უნდა დაუტოვო გზა, რომ თავისი შეცდომა აღიაროს. მე ვფიქრობ, რომ ეს არამარტო შეცდომაა, არამედ საბოლოო ჯამში, თუ მივიღებთ, თავისი სახელიც დაერქმევათ და მოღალატეები დაერქმევათ. რაც არ უნდა ინოვაციებზე გველაპარაკოს ფინანსთა მინისტრი, ადამიანი როცა მოდის მთავრობაში ხომ ჰკითხავთ – მითხარი რა გაგიკეთებია?! აი, გვითხარით, რა გაქვთ გაკეთებული რომ გენდოთ? ნდობა რომ გვქონდეს თქვენი? ეს ბუნებრივი კითხვებია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა ხელისუფლებას მოუწოდა, ნუ დაუპირისპირდება ერს.