“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ის არ ეთანხმება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ პარლამენტის როლი უნდა დაკნინდეს. ამის შესახებ მან გადაცემა “იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, შვეიცარიაში არსებობს საკითხები, რომლეიც რეფერენდუმის გზით წყდება, მაგრამ ის, რომ 2020 წელს ელექტრონული კენჭისყრით ავირჩევთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მელია ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ის ახლა მზად არ არის,თუმცა დასძენს, რომ ტექნოლოგიები ვითარდება.
“ეს არის შორს მიმავალი გეგმები. სააკაშვილმა თქვა და მისი ხედვა წარმოადგინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე, ნიკა მელია მას ყველაფერში ვეთანხმები. ბევრი რამ გასაკეთებელია, ჩვენ ვსაუბრობდით, მათ შორის სააკაშვილიც, რომ შიდა პარტიულ არჩევნებზე ელექტრონულ ფორმატში მოხდეს სხვადასხვა თანამდებობაზე თუ საკითხების კენჭის ყრაზე დაყენება, რაც მისასალმებელია და ეს ადრე თუ გვიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ფარგლებში მოხდება. რაც შეეხება სახელმწიფო მოწყობას, როგორ უნდა იყოს ის… ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში ვმოღვაწეობთ და ამ ყველაფრის თაობაზე ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს. მე იმ ნაწილში არ ვეთანხმები ამ წუთას ბატონ სააკაშვილს, რომ პარლამენტის როლი უნდა დაკნინდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნები ელექტრონული უნდა იყოს და ხშირად უნდა ჩატარდეს. სააკაშვილის თქმით, პარლამენტი იქნება, “მაგრამ პარლამენტის ფუნქციები იქნება შეზღუდული”. ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაც ელექტრონულად უნდა მოხდეს.