“ჩვენს ეროვნულ, 9 აპრილის სულისკვეთებას, განვითარებას, ხვალინდელ დღეზე ფიქრს უნდა დავაფუძნოთ მომავალი და ამაშია სწორედ საჭირო ერთიანობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე საუბრისას აღნიშნა.
„ვიცით, რომ ბოლო წლების მთავარი მონაპოვარია თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ამავდროულად, ჩვენს ეროვნულ, 9 აპრილის სულისკვეთებას, განვითარებას, ხვალინდელ დღეზე ფიქრს უნდა დავაფუძნოთ მომავალი და ამაშია სწორედ საჭირო ერთიანობა. პოპულისტური გამონათქვამებითა და პიარსტრატეგიებით, რომელიც, მხოლოდდამხოლოდ, იმისკენ არის მიმართული, რომ, თითქოს, ქვეყანაში არის დიდი არეულობა, ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „ქართულმა ოცნებამ“ ამას უნდა დაუპირისპიროს, მხოლოდდამხოლოდ, სიმართლე, ისევ და ისევ მეტი განვითარება, დემოკრატიის ხარისხი, რასაც უნდა მოყვეს ეკონომიკური მდგომარეობის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და უნდა ვიფიქროთ ერთიანი ძალებით ხვალინდელ დღეზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.
“მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.
ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.
წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული. 9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!”, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.
“ჩვენ ამას სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ”
2019/04/08 21:12:07
კომენტარები
ნანახია: 569 ჯერ