აგვისტოს ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აცნობა აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს სრული განადგურება იყო.
“როდესაც რუსეთი შემოვიდა, მეორე დღეს ჩემთან ამერიკის ელჩი მოვიდა და მითხრა: კონდოლიზა რაისმა ჰკითხა ლავროვს, რა იყო მათი მიზანი საქართველოში შეჭრის დროს. მე ვკითხე, რა უპასუხესმეთქი და: „საქართველოს სრული განადგურებაო”. მათ ქართველი ერის განადგურება სურდათ და ამას არც კი მალავდნენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ომის დროს „გადარჩა“ – უკრაინის დახმარება იყო.
„უკრაინაში ვამზადებდით ჩვენს სამხედრო სპეციალისტებს. უკრაინამ მოგვცა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც სრულიად კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა შეჭრის პირველ დღეებში. უკრაინამ გადმოგვცა „ბუკ“-ისა და „ოსა“-ს სისტემები, რომელთა საშუალებით ჩვენ 12 რუსული ბომბდამშენი ჩამოვაგდეთ, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-22 მ-3, რომელიც მანამდე არავის არასდროს არ ჩამოუგდია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ოდესის გუბერნატორის თქმით, როდესაც ამბობენ, რომ კონფლიქტის ინიციატორი საქართველო იყო, ბევრს ავიწყდება, რომ რუსული შავი ზღვის ფლოტის ხომალდებმა უკრაინული წყლების დატოვება 2008 წლის აგვისტომდე დაიწყეს.