საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი დაასრულა.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა 2 კმ-იან მონაკვეთზე სანაპირო ზოლი. მოეწყო დაახლოებით 1.8 კმ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა, აღდგა შტორმისგან დანგრეული ბულვარი, დაიგო ბულვარის ახალი საფარი, შეივსო პლაჟი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ნაპირდამცავი ნაგებობა წარმოადგენს მასიურ კონსტრუქციას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის ხილული, განლაგებულია ზღვის დონეზე დაბლა და დაფარულია პლაჟის ინერტული მასალით. ნაგებობის ფერდისა და საფუძველის ზედა ფენა დაფარულია დიდი ზომის 3-7 ტონამდე ფლეთილი ქვებით, რაც უზრუნველყოფს ნაპირის (ბულვარის) საიმედო დაცვას ტალღების ზემოქმედებისგან.
„ფონდმა დაასრულა ბათუმის ბულვარის აღდგენის, ნაპირსამაგრი სამუშაოების. ძველი ბულვარი ზღვის ზემოქმედებით მთლიანად იყო დაშლილი. ეხლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ფაქტობრივად აქ ზღვა უკვე შემოჭრილი იყო ახლა კი ბულვარი სრულად არის აღდგენილი. მოეწყო 1.8 კმ. ქვის დამცავი ბერმა. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ უნიკალური, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ მშენებელი კომპანია იყო უცხოური კომპანია და მშენებლობა საერთაშორისო კომპანიის ზედამხედველობით ხდებოდა. ყველა პროცედურა აზიის განვითარების ბანკის წესებით და რეგულაციებით განხორციელდა. პროექტის განხორციელების შემდეგ, ზღვის ზემოქმედება ვეღარ დააზიანებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც აქ არსებობს და, ამავე დროს, იძლევა საშუალებას დამატებითი განვითარებისთვის, დამატებითი ეკონომიკური აქტივობის შესაქმნელად“, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ნაპირდაცვის საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა იტალიურმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ტექნიტალმა“, საპროექტო გადაწყვეტილებები განიხილეს ადგილობრივმა ექსპერტებმა, რის შემდეგაც პროექტი შეთანხმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. სამშენებლო სამუშაოები კი განახორციელა ტენდერით შერჩეულმა კომპანია Struijk-მა (ნიდერლანდები).