ეცდებიან ნიკა მელიას დაჭერას – უი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ! ასეთ დღეში არიან, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით.
სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ნიკა მელიას დაკავებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
„ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ნიკა მელიას დაპატიმრება. ვფიქრობ, ქართველი ხალხი მონახავს გზას, ორგანიზებულად, მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ არ დაუშვას ძალადობის გაგრძელება. ქართული საზოგადოება არის ღირსებით აღსავსე. ნიკა მელია გმირულად იქცევა, მაგრამ ახლა თითოეული ქართველი უნდა გახდეს ლიდერი და იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ცდიან მელიას დაჭერას. უი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ! ასეთ დღეში არიან. ეგენი თვითონ რომ არიან მხდალები, აქედანაც გადაწყვიტეს, რომ მხდალები არიან. საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ეს არის საქართველოს ბრძოლა საქართველოს მტრებთან. ეს არის სინათლისა და სიბნელის ბრძოლა, სადაც საბოლოო ჯამში, სინათლე გაიმარჯვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.