„ქართული ოცნების“ წევრი ქეთევან დუმბაძე პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება დუმბაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ჩემო მეგობარო თაკო! გიდასტურებ სიყვარულსაც, მეგობრობასაც, პატივისცემას შენი და შენი ოჯახის, ჩვენი მამების მეგობრობის მიმართ. მე არ მომიმართავს შენთვის მოწოდებით, როცა შოკისმომგვრელი კადრები ვიხილე – როცა პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი ფანჩატურში კანონდამრღვევებთან და უსამართლობის არქიტექტორებთან ერთად იჯექი. არ მოგმართე, რადგან ჩავთვალე, რომ ეს შენი გადაწყვეტილება და არჩევანია.
ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი დგომა იმ მხარეს, რომელიც არ არის სიმართლეზე დაფუძნებული, რომელიც წარსულის მძიმე ცოდვებითაა დამძიმებული; სადაც მიზანი ქაოსი, სახელმწიფოს ნგრევა, უთანასწორობა და კანონების ფეხზე დაკიდებაა; ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი იმ მხარეს დგომა, რომელიც ოკუპაციის პირობებში და პანდემიისგან მიყენებული უკიდურესი კრიზისის დროს სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებას ისახავს მიზნად; სამწუხარო და გასაკვირია შენგან ფსიქოლოგიური ბულინგის მცდელობა ჩემზე მაშინ, როდესაც ამ პრობლემის გადაჭრა უმარტივესად შეიძლება – ნიკა მელიას ვერავინ ჩასვამს ციხეში თუ კანონის ელემენტარულ მოთხოვნას დაემორჩილება და გირაოს გადაიხდის. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და სხვაზე არავისზე.
ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც ქვეყნის და მომავლის წინაშე ოდნავი პასუხისმგებლობა გააჩნდეს, გადაწყვეტილებას რომელიმე პოლიტიკოსის, ბრალდებულის სიჯიუტისა და ახირებიდან გამომდინარე იღებდეს და არა კანონის უზენაესობის პრინციპებიდან.
თაკო, სულ სხვა ადამიანი, სხვა „მხარეა“ დასარწმუნებელი, რომ კანონი უზენაესია! მორალი არ შეიძლება უკანონობის მხარეს იყოს.
და რა გამოდის – ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო. ნუთუ ვერ ხვდება რისკენ მიბიძგებს, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ მელია შეგნებულად აქეზებს და უკანონობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რითაც მიზანმიმართულად ქაოსისკენ მიმართულ ლოგიკას ამკვიდრებს.
შენი პასუხი მაინტერესებს, თაკო, რა პასუხი აქვს მელიას მათთვის, ვინც სამართლებლივ დევნაშია და ჯარიმებს იხდის? ვისაც სამაჯურები უკეთიათ? ვინც დღესაც საპატიმროშია?
რა ვქნათ, შერჩევითი სამართალი ვიქადაგოთ?! და მთავარი – ნურავინ მასწავლის ნურც თანადგომას, ნურც შემწყნარებლობას, ნურც გვერდში დგომას და მით უმეტეს სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში სახელმწიფოს, კონსტიტუციისა და კანონების დაცვაში გამოიხატება!“ – წერს დუმბაძე.
თაკო ჩარკვიანმა ქეთი დუმბაძეს დღეს მიმართა. „არ მგონია, რომ შენ შეძლებ თითი დააჭირო იმ ადამიანის დაჭერას, ვინც ქართული სახელმწიფოებრიობა დაიცვა იმ საშიშროებისგან, რასაც რუსი ოკუპანტის პირველ სავარძელში ჯდომა ჰქვია. იმედს ვიტოვებ და ველოდები ხვალინდელ დღეს, რომ შენ იმ ღილაკს სამარცხვინოდ ხელს არ დააჭერ“,– განაცხადა ჩარკვიანმა.