ქართული ოცნების წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათ შორის ნიკა მელიასაც მოუწოდებს, მივიდნენ პარლამენტში და ჩაერთონ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხის განხილვაში.
პროკურატურის მიმართვის საფუძველზე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში განიხილავენ. პროკურატურა იმუნიტეტის შეწყვეტას ითხოვს, რათა სასამართლოს მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.
“მე ველოდები და მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, ყველა დეპუტატს, რომელმაც ხალხის მანდატით მიიღო კონკრეტული წარმომადგენლობის უფლება, მობრძანდნენ, ისინი, ვინც პარლამენტში არიან და ისინიც, ვინც არ შემოვიდა პარლამენტში, თუ აქვთ შეკითხვები, პარლამენტის წევრებმა დავსვათ ერთად შეკითხვები. ეს სასამართლო პროცესი ვერ იქნება. მოვუწოდებ, თუნდაც ბატონ ნიკა მელიას, მობრძანდეს”. – თქვა მან,
ოხანაშვილისვე განცხადებით, არლამენტი სასამართლო ვერ იქნება.
“დღეს ჩვენ კომიტეტზე უნდა განვიხილოთ არა ნიკანორ მელიას დამნაშავეობის საკითხი, არამედ დაარღვია თუ არა მან საქართველოს კანონმდებლობა, როცა მან უარი თქვა დაკისრებული გამკაცრებული გირაოს გადახდაზე და არის თუ არა საფუძვლიანი გენერალური პროკურორის შუამდგომლობა. ჩვენ არ ვართ სასამართლო, ჩვენ არ გვევალება და არ გვაქვს გვაქვს უფლება, შევიდეთ ისეთ სამართლებრივ საკითხებში და მასალების გაცნობაში, რისი უფლებაც მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა”. – თქვა ოხანაშვილმა.