შალვა ნათელაშვილი რომ არ იყოს, მუქარა ძალიან ცუდია-თქო ვიტყოდი და შევაფასებდი, მაგრამ შალვა ნათელაშვილის განცხადებას სერიოზულად არ შევაფასებ, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადების კომენტირებისას.
მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი მან შალვას ფანჩატურის ოპოზიციად გადააქცია.
„ამ ადამიანს არ უნდა დავუკარგოთ, მაინც ძლიერი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რადგან მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლასტერი შალვას ფანჩატურის ოპოზიციად გადააქცია. ეს შეძლო, ეს უნდა დავუფასოთ და ვუთხრათ, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა მისი ბეგრაუნდის მიუხედავად.
რაც შეეხება ე.წ. მილიონერ დეპუტატებს, მართლაც არის ძალიან შეძლებული რამდენიმე ადამიანია, რომელთაც პოლიტიკური საქმიანობის დროს არ შეუძენიათ არაფერი და თავისი ქონებისთვის არ დაუმატებიათ. იყვნენ ძალიან წარმატებულები და ნაცების ტელევიზიები ხალხს მათი ქონების ჩვენებით აბრაზებენ, მაგრამ ამ ადამიანებმა თავისი შრომით შეძლეს გარკვეული ქონების დაგროვება. პარლამენტში შემოსვლით მატერიალური სარგებელი არ მიუღიათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში“.