„პრემიერობის კანდიდატის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში გონივრულ ვადებში მოხდება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, მან განმარტა მიზეზები და ჩვენ როგორც პარლამენტი, ვალდებული ვართ ავუხსნათ საზოგადოებას, რა სამართლებრივი მოცემულობა დგება ასეთ შემთხვევაში.
გადადგომის მომენტიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს საქართველოს პარლამენტმა ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს. 9 დღის ვადა აქვს არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას, რომ პრემიერობის კანდიდატი წარადგინოს და მთავრობის შემადგენლობაც ამ პროცედურაში უნდა დასახელდეს. შემდეგ უკვე დარჩენილი ვადა ეკუთვნის პარლამენტს, რომ დაასრულოს მთავრობის ფორმირემა და ნდობა გამოუცხადოს. შესაბამისად, ვიწყებთ კონსულტაციებს გუნდში და ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გონივრულ ვადებში მოხდება პრემიერობის კანდიდატის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.