„გიორგი გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც უმრავლესობის სხდომაზე აკეთებდა“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯმდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, გიორგი გახარია ამბობდა, რომ მელიას საქმეს აქვს სამართლებრივი გაგრძელება, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სამართალი სხვა გზას არ გვიტოვებს, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.
„ძალიან სასაცილოა ოპოზიციის მიერ 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პრორუსულობაში დადანაშაულება. ერთი კონკრეტული მაგალითი მოიყვანონ, რაში გამოიხატება „ქართული ოცნების“ პრორუსულობა და მე მოგიყვანთ ას მაგალითს, რაში გამოიხატება „ნაციონალური მოძრაობის“ პრორუსულობა. უმრავლესობის არც ერთ წევრს არ სურს რაიმე დაძაბული სცენარის განვითარება. ჩვენ ყველას გვინდოდა, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად გადაჭრილიყო. ამისთვის ნიკა მელიას ჰქონდა ძალიან დიდი დრო და ვადა, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად მოგვარებულიყო. შესაბამისად, მან ეს გზა არ აირჩია. რაც შეეხება გახარიას განცხადებას, ჩვენ დღესაც გვინდა, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად გადაიჭრას, თუ ნიკა მელია გადაიხდის გირაოს, ეს საკითხი მშვიდობიანად გადაიჭრება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.