პრემიერმინისტრ გახარიას გადადგომის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებზე ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, გია აბაშიძეს ესაუბრა:
-პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება იყო ძალზე მოულოდნელი, თუმცა, ვერაფერს დრამატულს ამაში ვერ ვხედავ. პრემიერმინისტრები საქართველოში ადრეც გადამდგარან, თუმცა, ქვეყანა ამით არ დაქცეულა. გახარია არის ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსი, რომელსაც უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს როგორც მმართველ გუნდში, ისე, ოპონენტებს შორისაც. თუმცა, პრემიერმინისტრის გადადგომა პარტიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს ვერ ჩამოლის, რადგან ქვეყანას აქვს საკმაოდ გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას.
-როგორ ფიქრობთ, ყოფილი პრემიერმინისტრი კვლავ პოლიტიკაში დარჩება და ახალ პარტიას შექმნის?
-არ გამოვრიცხავ გახარიას პოლიტიკაში დარჩენას და არც იმას, რომ შეეცდება ,,მესამე ძალის“ შექმნას, რომლის მოლოდინი არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ვისთან ერთად მოხდება ეს, დრო გვიჩვენებს. ამხელა ავტორიტეტის ადამიანები პოლიტიკიდან უკვალოდ არ ქრებიან და, ალბათ, არც გახარია დაიკარგება…
-იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება“ ვერ მოახერხებს 4 კვირის განმავლობაში ახალი პრემიერმინისტრის დამტკიცებას, შესაძლებელია, პრეზიდენტმა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს?
-მოვლენების განვითარებას ასე დრამატულად არ ვუყურებ. არ მგონია, მმართველ პარტიას გაუჭირდეს 76 დეპუტატის ხმის მიღება ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის მხარდასაჭერად. უახლოეს კვირებში დამტკიცდება ახალი პრემიერმინისტრი და მცირედი რყევების შემდეგ სახელმწიფო განაგრძობს ფუნქციონირებას.
-შეძლებს თუ არა ხელისუფლება ნიკანორ მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების აღსრულებასა და მის დაპატიმრებას?
-კანონი უნდა აღსრულდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ჰეროიზაცია პრემიერმინისტრის გადადგომის ფონზე სასაცილოა. პოლიციას შესწევს ძალა დამნაშავე ნიკანორ მელიას დასაპატიმრებლად, რომელიც ახლა პარტიის ოფისში, ფაქტობრივად, შიდაპატიმრობაშია. მუდმივად პარტიის შენობაში ხომ ვერ დარჩება? ადრე თუ გვიან, მას მოუწევს იქედან გამოსვლა და პოლიციამ მშვიდად, უმტკივნეულოდ უნდა მოახერხოს მისი დაპატიმრება.
-რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარს. ეყოფათ ძალა სახელმწიფო გადატრიალებისთვის?
-რევოლუციური სცენარისთვის ,,ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ფრთებქვეშ შეყუჟულ ურეიტინგო პარტიებს, რასაკვირველია, არ აქვთ. ის 27%-იანი მხარდაჭერა, რაც მათ 31 ოქტომბრის არჩევნებში მოიპოვეს, როგორც ჩანს, დაკარგეს, რადგან მათი მომხრეების 2% რომ შეკრებილიყო გუშინ პარტიის ოფისის წინ, მთელს ქალაქს გადაკეტავდნენ. რეალურად, დავინახეთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მოწოდებაზე, მოდით, დაგვიცავითო, ასი ადამიანიც კი არ გამოვიდა.
– ,,ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ოფისის წინ ,,გამარჯვების“ დემონსტრაციას აანონსებს.
-თუ გახსოვთ, ასეთი ,,გამარჯვება“ იზეიმა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, 2008 წელსაც და ეცადა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი საქართველომ მოიგო. ამ მეთოდებით მხოლოდ საკუთარ მომხრეებს უკეთებენ გულს და ყველაზე გულუბრყვილოებს არწმუნებენ, რომ ,,მიშა ჩამოვა“ და ოპოზიციამ გაიმარჯვა. ესაა და ეს. მე არ მიმაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ჩიხშია შესული. პარლამენტი ძალიან მალე დაამტკიცებს ახალ პრემიერმინისტრს და პოლიტიკური მოვლენებიც კვლავ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.