არცერთი ნორმალური, მორალის მქონე ადამიანი არ გეგმავს ღონისძიებას სისხლისღვრისთვის. ეს არც სუბიექტური ინტერესია და არც ადამიანობაა. ამას არავინ ფიქრობს აქეთ, სადაც სიმართლეა. ამას გეგმავს მეორე მხარე. როგორც ჩანს, მათი ქვეცნობიერი იმასაც უზრუნველყოფს, რომ თავადვე ლაპარაკობენ, რომ სისხლისღვრა აიცილეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებაზე, რომ მათ თავიდან აიცილეს სისხლისღვრა, მდინარაძემ განაცხადა, რომ ამას მათ ქვეცნობიერი ალპარაკებთ.
„ქვეცნობიერი რას არ გათქმევინებს ადამიანს! მე თქვენ კონკრეტული ინფორმაციები გაგაცანით და ისინი მოგონილი ნამდვილად არ არის. ეს თქვენზე და ჩემზე უფრო კარგად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა იციან, განსაკუთრებით, რამდენიმე ლიდერმა. რომ არაფერზე უკან არ უნდა დაეხიათ, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ. საუბარი იყო უმძიმეს პოვოკაციებზე. ქვეცნობიერი, ალბათ, ადამიანს ყველაფერს გათქმევინებს. ისინი რომ ყველაფრისთვის მზად იყვნენ, ეს შემდეგ მათ განცხადებებშიც აისახა – სისხლისღვრა ავიცილეთ. ანუ, ისინი მზად იყვნენ სისხლის ღვრისთვის. დარწმუნებული ვარ, არავის გაფიქრებია, არც შს სამინისტროს რიგებში, მაშინ როდესაც ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეზე ვფიქრობდით – პოლიტიკურად ამ საკითხის აღსრულება დაგვევიწყებინა თუ არა? თუმცა, ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ უნდა გვეთქვა შს მინისტრისთვის ვახტანგ გომელაურისთვის, რომ „აქ პოლიტიკაა მთავარი და შენი სამართალი არ გვაინტერესებს!“, – განაცხადა მდინარაძემ.