ნამდვილად მოულოდნელი იყო გიორგი გახარიას გადადგომა, დავადასტურებ, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა და ამ ეტაპზე მან ჩათვალა, რომ უკეთესი იქნებოდა, გადამდგარიყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნების“ გუნდის წინაშე ერთადერთი ამოცანაა, მალე დაიწყონ დასახული ამოცანების განხორციელება და იმ გეგმებზე ფიქრი, რაც გაცხადებული აქვთ.
„პრემიერის გადადგომის შემდეგ, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ფაქტორი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის რეაგირება რამდენად მყისიერი იყო, რამდენად მოკლე დროში და რაც მთავარია ერთსულოვნად მოხდა გადაწყვეტილების მიღება. პირველ რიგში ეს არის კარგი ჩვენება იმისა, რამდენად ერთიანი გუნდი. ჩვენ მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს წინ, ბევრი საკითხი და გამოწვევაა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ახლა ჩვენი გუნდის წინაშე ერთადერთი ამოცანაა, რომ მალე დავიწყოთ ამ ამოცანების განხორციელება და იმ გეგმებზე ფიქრი, რაც ჩვენ გაცხადებული გვაქვს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.