ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ ბილბორდებთან დაკავშირებით. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, ეს წამალივითაა, რომ ყველამ კარგად შევხედოთ ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, რადგან წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ, წარსული არასდროს არავინ უნდა დაივიწყოს. არც ცუდი და არც კარგი, ვფქირობ, ამ ბილბორდებს აქვს თავისი ძალიან დიდი დანიშნულება, ვისაც არ მოგვწონს, შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთო. ვისაც მოსწონს, ის შეხედავს და გაუხარდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ქუჩებში 17 სექტემბერს გამოჩნდა. მათი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ ამ ფოტოებზე მან საკუთარი პოლიტიკური გემოვნება ასახა.
ბანერების შესახებ, პოლიტიკურ სპექტრში, ხმაურიანი განცხადებები კეთდება. ოპოზიცია ამ ბანერების უკან „ქართული ოცნების“ კვალს ხედავს, მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უარყოფს და ოპონენტებს ურჩევს, „ქართული ოცნების“ განცხადებებსა და სოციალურ გვერდებს გაეცნონ, სადაც, მათივე ინფორმაციით, სიძულვილის ენა არსად იკვეთება.
ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების კანონიერებას ცესკო შეისწავლის.