თუ რომელიმე ევროპარლამენტარი იტყვის, რომ, მაგალითად, „იმედი“ არ დარბეულა, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ სტრასბურგის სასამართლოზეც, მაგრამ ხომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილმა არა მხოლოდ დაარბია „იმედი“, არამედ შემდეგ უკანონო გზით მიისაკუთრა ტელევიზია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი იცის სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
„შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი არის არა წინასწარ პატიმრობაში, არამედ კონკრეტული განაჩენების საფუძველზე მისჯილ პატიმრობაში. ასევე, არის მიმდინარე საქმეები, რომელიც ეხება 7 ნოემბერს, „იმედის“ დარბევას. თუ რომელიმე ევროპარლამენტარი იტყვის, რომ, მაგალითად, „იმედი“ არ დარბეულა, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ სტრასბურგის სასამართლოზეც, მაგრამ ხომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილმა არა მხოლოდ დაარბია „იმედი“, არამედ შემდეგ უკანონო გზით მიისაკუთრა ტელევიზია. ეს კაცი არის ჩვეულებრივი მაროდიორი და ამას არანაირი სტრასბურგი არ სჭირდება. გირგვლიანის საქმეზე მას ასევე შეფარდებული აქვს სასჯელი, სტრასბურგმა კი დაადასტურა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებს ძალიან მძიმე შეფასება უნდა მიეცეს“, – აღნიშნა კობახიძემ.