კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ისევ მზარდია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ომიკრონის“ პიკური პერიოდი მაქსიმუმ თვე-ნახევარი გრძელდება, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ორ კვირაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კლება უნდა დაიწყოს.
„ბოლო 2 დღის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. 17-18 ათასი შემთხვევა 3-ჯერ მეტია, ვიდრე აგვისტოში იყო. მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი, შეიძლება, კიდევ უფრო უარესი იყოს. იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. რთულია პროგნოზი, რამდენი იქნება ეს ციფრი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უკვე გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ასევე, ფაქტია, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა აჩვენებს მკვეთრ ზრდას. ახლა 5-ჯერ მეტი საწოლია პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტის დროს იყო. ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, ჯერჯერობით, საფრთხეები არ არსებობს. „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მაგრამ თუ ძალიან დიდ რაოდენობას გავითვალისწინებთ, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაშიც, იშვიათიც რომ იყოს საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა, მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას, რაც საქართველოში არის კიდეც – იანვრის მეორე კვირიდან, სტაციონარებში მიმართვიანობა მზარდია“, – აცხადებს იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 001 275, გარდაიცვალა 14 945 პაციენტი.