ნათია რთველიაშვილი-მანგანი – ქართველი ბალეტის მოცეკვავე, რომელიც 2000 წლიდან ნიუ-იორკში მოღვაწეობს. დამთავრებული აქვს თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა. თანამშრომლობს „Metropolitan Opera“-სთან. 2007 წლიდან საცეკვაო შოუს „“ დასის წევრია. ცეკვავს როგორც კლასიკას, ისე მოდერნს, კონტემპორარის, ფოლკს, ჯაზს და სხვა. ამჟამად კი საქართველოში იმედის ახალი პროექტის “შენ შეგიძლია ცეკვის” ჟიურის წევრია.
ნათიას შესახებ საქართველოში ცოტა რამ არის ცნობილი, ამიტომაც “პრაიმტაიმი” სხვა დეტალებისთვის ნათიას დაუკავშირდა.
ნატია რთველიაშვილი-მანგანი: “დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 6 წლის ასაკში პიონერთა სასახლეში საბალეტო წრეში დავიწყე ცეკვა. მივხვდი, რომ ბალეტი ჩემთვის მხოლოდ ჰობი არ იყო და ამიტომ 9 წლის ასაკში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე, რათა ამ გზას სერიოზულად გავყოლოდი და პროფესიონალი მოცეკვავე გავმხდარიყავი. სასწავლებლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმიწვიეს სამუშაოდ, სადაც ერთი წელი დავყავი. საცეკვაო სეზონის დასრულების შემდეგ კი ნიუ-იორკში გავემგზავრე, სადაც ახალგაზრდა მოცეკვავეების განვითარებისთვის უსაზღვრო პოტენციალი იყო. ნიუ-იორკში ყოფნისას ცეკვის სხვადასხვა მიმართულებას დავეუფლე, რომლებიც მაშინ საქართველოში განვითარებული არ იყო. ჯაზი, მოდერნი კონტემპორარი ეს მიმართულებები ჩემთვის საინტერესო იყო, რადგან არ მინდოდა მხოლოდ კლასიკური ბალეტით შემოვფარგლულიყავი”.
– შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა?
– მალევე მივიღე სამუშაო შემოთავაზება რუსულ-ამერიკული საბალეტო კომპანიის დასიდან, რამაც ნიუ-იორკში დარჩენა გადამაწყვეტინა. ამას ყველაფერს შემდეგ სხვადასხვა თანამედროვე თუ კლასიკური ცეკვის კომპანიებიდან კონტრაქტები მოჰყვა. დასებიდან გამოვყოფდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს “მეტროპოლიტან ოპერა”-ს და ბროდვეის ცნობილ ირლანდიურ შოუს “რივერდანსში” მოღვაწეობას. ჩემი კარიერი ამერიკაში უკვე 16 წელია რაც გრძელდება, თუმცა სხვა ქვეყნებშიც ძალიან ხშირად ვიმყოფები გასტროლებზე. შემოვლილი მაქვს ჩრდილოეთ ამერიკის, კანადის, ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.
– როგორ აღმოჩნდით შოუში – “შენ შეგიძლია ცეკვა” ჟიურის წევრი?
– პროექტიდან მოწვევა ძალიან მოულოდნელად მივიღე. ირლანდიაში ვიყავი კონტრაქტზე, როდესაც “იმედის” ტელევიზიიდან შოუს პროდიუსერი დამიკავშირდა ძალიან საინტერესო შემოთავაზებით, რომ ახალი პროექტის ჟიურის წევრი გავმხდარიყავი. შოუს ამერიკულ ვერსიას მრავალი წელია თვალს ვადევნებ, ჩემთვის ყველაზე საყვარელი და საინტერესო შუა. დიდი პატივი იყო ჩემთვის პროექტიდან მოწვევის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ წინ სხვა კონტრაქტი მელოდებოდა ამ შემოთავაზებამ ძალიან დამაინტერესა და ძალიან გამახარა, რადგან საქართველოში მუშაობის შესაძლებლობა მეძლეოდა 16 წლის შესვენების შემდეგ. ჩემთვის ჟიურის წევრობა ახალი და საინტერესო ამპლუა, თან შესაძლებლობა მეძლევა ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა ქართველი ნიჭიერი მოცეკვავეებისთვის. ასე რომ, ეს გახდა ჩემი პრიორიტეტი, ყველა საქმე გადავდე და საქართველოში ჩამოვედი.
– რა მოლოდინები გაქვთ?
– დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შოუ ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში ცეკვის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში, განსაკუთრებით იმ მიმართულებით რომლებიც ახალი შემოსულია. იმედია, ეს გააღვივებს ცეკვისამდი ხალხის საერთო ინტერესს და გზას გაუხსნის ახალგაზრდა ნიჭიერ მოცეკვავეებს მათი აუდიტორიის წინაშე წარდგენით.
– გყავთ თუ არა ფავორიტი შოუში?
– ჯერჯერობით მონაწილეებს თავიანთი მაქსიმალური პოტენციალი არ უჩვენებიათ, რადგან მათ კიდევ ბევრი ეტაპი აქვთ გადასალახი. წინ კიდევ ბევრი რთული გამოცდა ელოდებათ. ვინ როგორ წარმოაჩენს თავს ჯერ კიდევ რთული სათქმელია. ამჟამად კი მე ყველა მონაწილეს, რომელშიც ნიჭი და პოტენციალი დავინახე ყველას მხარს ვუჭერ, ხოლო დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
– ჟიურის სხვა წევრებს როგორ დაგვიხასიათებთ?
– ამ პროექტისთვის ჟიური სწორად არის შერჩეული. რადგან ეს პროექტი ცეკვის მრავალს სტილს მოიცავს და აგებულია იმ იდეაზე, რომ შექმნას, აღმოაჩინოს უნივერსალური მოცეკვავა, რომელიც ძალიან ძლიერია რომელიღაც კონკრეტულ სტილში, მაგრამ ასევე წარმატებით დაეუფლება ცეკვის სხვა მიმართულებებსაც. მე ვთვლი, რომ ჟიური ასეთი უნივერსალური, მრავალმხრივი უნდა იყოს. რა თქმა უნდა ჟიურის ოთხივე წევრს კარგად გვესმის ცეკვა, მაგრამ დამატებით თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განსხვავებული პროფესიული background-ი, ჩვენს წარმოვადგენთ სხვადასხვა სტილს. მე წარმოვადგენ ბალეტს, ჯაზს და კონტემპორარი, სალომე არის სამეჯლისო, ლათინურ-ამერიკული ცეკვების დიდი პროფესიონალი, ზაკი ქუჩის ცეკვისა და ჰიპ-ჰოპის სხვადასხვა მიმართულებას, დუტა კი მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად ცეკვავს და ესმის ცეკვის პლასტიკა, რა თქმა უნდა უფრო სცენის ოსტატობის, მსახიობური ნიჭის დანახვა და შეფასებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარგ მოცეკვავეში. ასე რომ, ჩვენი ჟიური მრავალფეროვანია, რაც შოუსთვის აუცილებელია და მონაწილეებისთვისაც სასარგებლოა, რადგან შეგვიძლია სათანადოდ შევაფასოთ და დავეხმაროთ backtoundis მქონე მოცეკვავეებს. ჩვენ ოთხივემ თავიდანვე ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით, რაც იმედია ეთერშიც ჩანს.
– რომელს ეთანხმებით ყველაზე მეტად/არ ეთანხმებით და რატომ?
– მართალი გითხრათ უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ვეთანხმებით ერთმანეთს. ისეთი შემთხვევაც რომ შეიქმნას და ჩვენი შეხედულება არ დაემთხვას ერთმანეთს მე რა თქმა უნდა ჩემს პოზიციას შევინარჩუნებ, სხვების აზრს პატივისცემით მოვეკიდებით. ისინიც ხომ თავისი საქმის დიდი პროფესიონალები არიან.
– ცოტა რამ პირადზეც მოგვიყევით – ვინ არის თქვენი რჩეული?
– პირად ცხოვრებას რაც შეეხება ძალიან გამიმართლა. მყავს უსაყვარლესი მეუღლე პატრიკ მანგანი, რომელიც “რივერდანს“-ის გასტროლზე გავიცანი. პატრიკი მუსიკოსია, ვიოლინოზე უკრავს და არის მუსიკალური კონკურსები არაერთგზის ჩემპიონი და “რივერდანს”-ის წამყვანი სოლისტი. ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპატიებით განვეწყვეთ და თავიდანვე დავმეგობრდით. თუმცა, მალევე მივხვდით რომ მეგობრობაზე დიდი გრძნობები გვაკავშირებდა და ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულები ვიყავით. 2010 წელს დავქორწინდით ნიუ-იოკში. გვქონდა ძალიან ლამაზი ქორწილი ჩვენს უახლოეს მეგობრებსა და ნათესავების წრეში. ეს დღე ერთ-ერთ უბედნიერეს დღედ გვახსენდება დღემდე. პატრიკი ნიუ-იოკში დაბადებულ-გაზრიდლია, თუმცა წინაპრები ირლანდიიდან ჰყავს. ძალიან უყვარს საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა და ისტორია, ქართული სამზარეულო და სუფრის ფენომენი. პირველად საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა მამაჩემისთვის ჩემი ხელის ოფიციალურად სათხოვნელად და მას შემდეგ ყოველ წელს დიდი მოლოდინით ელის საქართველოში ჩამოსვლას. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 6 წელილადზე მეტია რაც ოჯახი ვართ და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება, ჩვენი გრძნობები, ურთიერთგაგება და პატივისცემა უფრო და უფრო იმატებს. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ძირითადად ერთ ანსამბლში ვმუშაობთ და გასტროლებით ერთად ვმოგზაურობთ, თითქმის მთელი მსოფლიო ერთად გვაქვს შემოვლილი.
– თქვენი სამომავლო გეგმები
– 13 დეკემბერს იწყება “შენ შეგიძლია ცეკვის” ლაივ შოუები. ასე რომ, ჩემს უახლოეს მომავლის გეგმებში არის თბილისში დაბრუნება და პროექტში მონაწილეობის გაგრძელება. 16 წლის მანძილზე პირველად შევხვდები ქართულ შობა-ახალ წელს. პატრიკიც ჩამოვა, რომ ჩემთან და ჩემს ქართულ ოჯახთან ერთად გაატაროს ახალი წელი. ერთი სული აქვს, როდის შეეძლება გუდაურის მთებში სრიალი, ძალიან უყვარს თხილამურებზე სრიალი და, განსაკუთრებით ჩვენს ულამაზეს გუდაურის მთებში. რაც შეეხება პროფესიულ სამომავლო გეგმებს “რივერდანს“-ის კომპანიამ მე და პატრიკს ახალი კონტრაქტი შემოგვთავაზა, 6 თვიანი გასტროლი ამერიკაში, რომელი 2017 წლის იანვარში იწყება, მაგრამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვით, რადგან ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს მომავლისთვის (ჯერჯერობით საიდუმლოა) და ამჟამად დროებით ვემშვიდობებით “რივერდანს“-ს.