არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ კადრები საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა. შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
სტუმრად მყოფი პრეზიდენტი და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა. მანამდე, საამიროების პრეზიდენტი შეხვდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. ბიძინა ივანიშვილმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ისაუბრეს იმ მასშტაბური პროექტის ინვესტიციაზე, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები განახორციელებს საქართველოში.
როგორც შეიხმა აღნიშნა, საამიროები მზად არის, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს საქართველოში. მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაშიც, სადაც ორივე მხარემ დაადასტურა მზაობა, ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.
გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და აბუ-დაბის დეველოპერულ კომპანიას შორის, რომელიც 6 მილიარდიანი დოლარის მასშტაბური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, საამიროების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია.