აფხაზეთი უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის მოლოდინშია, ოპოზიციური კოალიცია და ომის ვეტერანების პარტია “ამცახარა” 15 დეკემბერს სოხუმის დრამატული თეატრის წინ არასანქცირებულ მიტინგს მართავს, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვს დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაგომას. ამის პარალელურად, გუშინ დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დღეს ოპოზიცია შეიარაღებული დაპირისპირებასა და “პრეზიდენტ” ხაჯიმბას მოკვლას გეგმავს“, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აფხაზეთში დღეს შეიძლება შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყოს/დე ფაქტო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ოპოზიცია “პრეზიდენტის” მოკვლას გეგმას.
“ოპოზიციამ ამის მტკიცებულებები მოითხოვა. ამის შემდეგ უშიშროებამ გაავრცელა სატელეფონო საუბარი, სადაც თითქოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რამაზ ჯოპუა თანამოაზრეებთან “პრეზიდენტ” ხაჯიმბას ფიზიკურ ლიკვიდაციასა და ადმინისტრაციის შტურმით აღებას განიხილავს. გავრცელებული ჩანაწერებში საუბარი რუსულ ენაზე მიდის და გაჯერებულია უცენზურო ლექსიკით. ” – (ხაჯიმბას) სისხლისღვრა უნდა, ეტყობა ქართველებმა ასეთი დავალება მისცეს. ის არ ჩამოვა თავის მესამე სართულიდან, იქვე ჩაიწვება…” – ამბობს ერთ-ერთი მოსაუბრე, სავარაუდოდ ჯოპუა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს, ოპოზიციის მიტინგის პარალელურად ჩატარდება პროსახელისუფლებო ორგანიზაცია “არუაას” მიტინგიც. ორივე ამ ორგანიზაციის – “ამცახარასა” და “არუაას” – ბირთვს ომის ვეტერანები წარმოადგენენ.
“დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში ვითარდება, მე მხარს არ დავუჭერ არანაირი მიტინგის გამართვას, ვინაიდან ერთი და იგივე ადგილზე ორი დაპირისპირებული ორგანიზაცია მოითხოვს მიტინგის ჩატარებას, ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს და მოსახლეობას, თავი შეიკავონ მიტინგებში მონაწილეობისგან. გთხოვთ, გადადოთ მიტინგი და დასხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, კანონის ფარგლებში.ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლო ერთია და პრობლემა ავტომატებით არ წყდება. ვის უნდა ვესროლოთ? იქ იქნებიან სამართალდამცავები, პრეზიდენტის დაცვის წევრები და ჯარიცკაცები – ისინი ხომ ჩვენი შვილები არიან. სამ თვეში დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები და უმჯობესია, ყველაფერი არჩევნებით გადაწყდეს.” როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, აფხაზური ოპოზიციის გააქტიურება დე-ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიდუხჭირის ფონზე ნამდვილად გამოიწვევს მწვავე დაპირისპირებას, რაც შესაძლოა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს“, – აღნიშნავს გამოცემა.
“დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომ 15 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე, ოპოზიციის რადიკალური ფრთა პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავს. “15 დეკემბერს ოპოზიციური ძალები ატარებენ მიტინგს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. უშიშროების სამსახური ფლობს ინფორმაციას, რომ ოპოზიციური პარტიების ცალკეული, რადიკალურად განწყობილი მომხრეები, ძალისმიერი მეთოდებით გეგმავენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ლიკვიდაციას. თავიანთი ჩანაფიქრის შესასრულებლად, რადიკალები აპირებენ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი, რის ნათელ დადასტურებასაც წარმოადგენს სამართალდამცავების მიერ 11 დეკემბერს აღმოჩენილი საბრძოლო მასალები და ავტომატური იარაღი, ასევე ტანკსაწწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები. უშიშროების სამსახური ფლობს ინფორმაციას, რომ ოპოზიციის მომხრეების მიერ შექმნილია მებრძოლთა ჯგუფები, რომელთა მიზანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმი წარმოადგენს. გადატრიალების სცენარის ავტორები, შეხვედრებს მართავენ მოსახლეობასთან და ცდილობენ მათ მოსყიდვას. ცნობილია ისიც, რომ დესტრუქციული ძალების დაფინანსებას ახდენენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და გარე ძალები, რომლებიც რესპუბლიკაში არეულობას გეგმავენ. ამასთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ აკონტროლონ რადიკალურად განწყობილი ადამიანების ქმედებები, ამას ისინი ერთი მიზნით აცხადებენ, რომ სისხლისღვრის შემთხვევაში თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა,” – ნათქვამია დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში”, – წერს სტატიის ავტორი.
“უშიშროების სამსახურის” განცხადებას გაერთიანებული ოპოზიცია და მისი მთავარი “დამრტყმელი ძალა”, პარტია “ამცახარა” გამოეხმაურა. 13 დეკემბერს “ამცახარას” ლიდერმა ასლან ბჟანიამ აფხაზური მედიისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ უშიშროების სამსახური ვალდებულია წარმოადგინოს დადასტურებული ფაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებები განხილული იქნება, როგორც მიზანმიმართული პროვოკაცია.
“ესაა დემოკრატიის ნაწილი, ჩვენი საზოგადოების ნაწილს სურს ხმამაღლა გამოხატოს თავისი პროტესტი. უშიშროების სამსახური ვალდებულია დაუყოვნებლივ გვაცნობოს იმ პირთა სია, რომლებიც გეგმავენ შეიარაღებულ დაპირისპირებას და პრეზიდენტის ლიკვიდაციას. თუ არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, ამ შემთხვევაში, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას განვიხილავთ, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას. ხელისუფლებამ თვითონ შექმნა ეს კრიზისი, პრეზიდენტი არ ცდილობს კომპრომისზე წასვლას, ჩვენ მოვითხოვდით ეკონომიკური გუნდის ფორმირებას ოპოზიციის მიერ, ხაჯიმბა თავის დროზე აცხადებდა, რომ კონტროლის პალატა და გენერალური პროკურორი ოპოზიციის მიერ უნდა ყოფილიყო შერჩეული, თუმცა დღეს ამას უარყოფს,” – განაცხადა აფხაზურ მედიასთან შეხვედრისას ასლან ბჟანიამ, რომელსაც ადრე დე ფაქტო უშიშროების მინისტრის პოსტი ეკავა”, – განაგრძობს გამოცემა.
“დაგეგმილ მიტინგამდე ერთი დღით ადრე პარტია “ერთიანი აფხაზეთის” ლიდერი სერგეი შამბა მოუწოდებს პრეზიდენტს, ოპოზიციას ხელისუფლების ფორმირების საშუალება მისცეს.
“ხელისუფლების ცვლილება დაასტაბილურებს სიტუაციას. ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გთავაზობდით კოალიციური ხელისუფლების შექმნას, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ არ გაგადგა ეს ნაბიჯი. დღეს, მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალი და რესპუბლიკაში სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა პრემიერ-მინისტრის შეცვლა და ოპოზიციისთვის ეკონომიკური ბლოკის ფორმირების უფლების მინიჭება იქნება. თუმცა, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის ლიდერებთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. “აპსნი.პრესში” გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც უკომპრომისო ბრძოლას უცხადებენ ჩვენს ხელისუფლებას. მოგიწოდებთ მოქალაქეებს, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ დაუჭიროთ მხარი უსამართლობას, ვისი მხრიდანაც რა უნდა მოდიოდეს ის. სახელმწიფო დაიცავს სტაბილურობას და კანონიერ წესრიგს, ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში შეუქცევადი პროცესების განვითარებას.” 15 დეკემბერს სოხუმში დაგეგმილ აქციას ეხმაურებიან აფხაზი და რუსი ექსპერტებიც, რუსი ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს პრეზიდენტის გადაყენებას, ვინაიდან ისინი საჭირო მხარდაჭერით არ სარგებლობენ”, – განაგრძობს ავტორი.
“მათ მიერ დაგეგმილი მიტინგი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების ცვლილებას. ოპოზიცია არ სარგებლობს საჭირო მხარდეჭერით, მოვლენების დესტაბილიზაციას ხელოვნურად ახდენენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ. არა მგონია, რომ მიტინგი მრავალრიცხოვანი იქნება, ბოლო თვეების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ გააჩნია, მართალია, არსებობს უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ვერ შეძლო ქვეყნის ღრმა ეკონომიკურ-სოციალურ-პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა, მაგრამ ოპოზიცია ვერ შეძლებს კოალიციურ კონსენსუნსს, პოლიტიკურ ველზე არსებოს ბევრი პოლიტიკური ძალა, რომლებსაც ერთმანეთთან გაერთიანება გაუჭირდებათ, ეს კი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს,” – აცხადებს გაზეთ “კავკაზსკიე უზელთან” ინტერვიუში ექსპერტი კავკასიის საკითხებში, რუსი პოლიტოლოგი, ნიკოლაი სილაევი. “რეზონანსი” ესაუბრა “პატრიოტთა ალიანსის” წევრს, პარლამენტარ ადა მარშანიას, რომელმაც აღნიშნა, რომ საკითხი მეტად მწვავეა და ტრაგიკული აფხაზი ერისთვის”, – წერს გამოცემა და სვამს კითხვას – “თქვენ ხართ იმ კუთხის წარმომადგენელი, სადაც პოლიტიკურმა დაპირისპირებამ შესაძლოა უმართავი ხასიათი მიიღოს, როგორც დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭო აცხადებს, დაგეგმილია პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ლიკვიდაცია…”, რომელსაც ადა მარშანია პასუხობს:
” მე ნაკლებად მჯერა იქაური უშიშროების სამსახურის, ვინაიდან ის არ არის დამოუკიდებელი ორგანო, არ მინდა იქ მიმდინარე პროცესებში მონაწილე რომელი მხარის გვერდით დავდგე, ვინაიდან ორივე მხარეს მართავს რუსეთი. რაულ ხაჯიმბა არის რუსეთის სპეცსამსახურების გამოზრდილი, მისაღებია კრემლისთვის, ხალხს ის არ აურჩევია. უპრეცედენტო მოვლენაა აფხაზეთის ისტორიაში, როცა უხუცესთა საბჭოს არ ხვდება პრეზიდენტი; ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ხალხი ხაჯიმბას არ აპატიებს იმ კაბალურ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, რომელიც რუსეთთან დადო და რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ აფხაზეთში თავისუფლად შეიძინონ ქონება და მიწები. ესაა სერიოზული, მიზანმიმართული საფრთხე, რაც უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანს აფხაზ ეთნოსს, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეთნიკური შემადგენლობის შეცვლის მცდელობა. იქ მიმდინარეობს ტრაგიკული ამბები, ყოველდღე ვესაუბრები აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს. ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიძლება დავიბრუნოთ ეს ხალხი, დაკარგული ტერიტორიები, ეს არაა ცვენთვის უმთავრესი ამოცანა, ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზები და ოსები უნდა დავაინტერესოთ ეკონომიკური წინსვლით, განვითარებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ამით მათ ვერ დავიბრუნებთ, ისინი უკვე შეეჩვივნენ სიდუხჭირეს. დღეს ჩვენი საზრუნავი ევროკავშირი და ნატოა, გვეუბნებიან, რომ ქართველმა ხალხმა დაიმსახურა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, თუმცა 24 წლის მანძილზე ვერ დავიმსახურეთ საკუთარ სამშობლოში ჩასვლა, აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაბრუნება. ძალიან მინდა პრემიერმინისტრთან შეხვედრა და კონფიდენციალური საუბარი ამ საკითხზე. ბევრ რამეს საჯაროდ ვერ ვიტყვი, საჭიროა სტრატეგიული გეგმა და ხედვა. კარგია ეკონომიკა, აღორძინება, მაგრამ მხოლოდ ამის ძახილი შედეგს ვერ მოგვცემს,” – განაცხადა ადა მარშანიამ.
“რეზონანსი”