ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები წარმოადგენდა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
„რამშტაინის ჯგუფის შეხვედრების ფორმატში ჩვენ ორმხრივი ჯგუფის შეხვედრები გვამართეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი შეხვედრა ნატო სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც არის პირველი სამხედრო პირი ნატოში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას, ჩვენ დახმარება აღგვითქვეს და ჩვენის მხრივ ჩვენ დავანახეთ ის გამოწვევები, თუ რა გამოწვევები აქვს დღეს საქართველოსა და რეგიონს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.