“საკვანძო ქალაქ ხერსონისთვის გადამწყვეტი ბრძოლა შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიწყოს. რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია თითქმის დასრულებულია. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული რუსი ჯარისკაცები მიტოვებულ სახლებში გამაგრდნენ და ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან. ბრძოლისთვის მზადაა უკრაინაც და როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, შესაძლოა დიდ ბრიტანეთში გაწვრთნილი ჯარისკაცებიც აქ გადაისროლონ. მათივე შეფასებით, ბრძოლა ხერსონისთვის არის ფაქტიურად ბრძოლა ყირიმზე შეტევისთვის. ძალთა თანაფარდობა კი დაახლოებით ასეთია: უკრაინელები – 40 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი, რუსები – 28 ათასი. ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, შესაძლოა უკრაინელებმა მალე მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო სრულად გაათავისუფლონ. აქცენტი კი უკვე დნეპრის მარცხენა სანაპიროსა და ქალაქ ნოვოკახოვკაზეა (ნოვაია კახოვკა) მიმართული, რადგან ამ ლოკაციის დაკავებით უკრაინელები ყირიმის მიმართულებით შეტევვის განვითარებას უკვე ძალიან ადვილად შეძლებენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მეორე მარიუპოლი” – რუსებმა ხერსონი სიმაგრედ აქციეს და ქუჩის ბრძოლებისათვის ემზადებიან.
“ამასთან, ანალიტიკოსთა ნაწილი ხრსონზე საუბრისას ქალაქ მარიუპოლისათვის ბრძოლას იხსენებს, ოღონდ, მათი შეფასებით, უკრაინა ამჯერად უკეთაა მომზადებული და გადამწყვეტი ბრძოლის წინ გარკვეული უპირატესობაც აქვს. რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი – ჩარივნე და ჩკალოვო, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ვრცელდება ცნობები, რომ შაბათს მოსახლეობის ევაკუაცია თითქმის დასრულდა და რუსები ქუჩის ბრძოლებისათვის ემზადებიან. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, რუსებმა ქალაქი პრაქტიკულად ერთიან სიმაგრედ გადააქციეს და მის დაცვას ბოლომდე აპირებენ. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამბობს, მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობამ ქალაქი დატოვა, დარჩენილმა რუსმა ჯარისკაცებმა კი სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაიცვეს, მიტოვებულ სახლებში შედიან და ქალაქისთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. უკრაინული მხარისვე განცხადებით, ოკუპანტები კახოვკას საავადმყოფოს შენობას პაციენტებისა და ექიმებისგან ცლიან. ამის პარალელურად აგრძელებენ ქალაქის ძარცვას, იპარავენ ყველაფერს, რისი წაღებაც სახლებიდან და სასტუმროებიდანაა შესაძლებელი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ქალაქის პრორუსული ადმინისტრაციიის განცხადება მშვიდობიანი მცხოვრებლების მიერ ქალაქის დატოვების შესახებ უკვე არა რეკომენდაციის, არამედ კატეგორიული მოთხოვნის სახისაა. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ პანიკის გარეშე სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი. “ფრონტზე დაძაბული სიტუაციის, ქალაქის მასიური დაბომბვის გაზრდილი საფრთხისა და ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ქალაქი და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ! იზრუნეთ თქვენი ოჯახის და მეგობრების უსაფრთხოებაზე! არ დაგავიწყდეთ დოკუმენტები, ფული, ძვირფასი ნივთები და ტანსაცმელი”, – ნათქვამია ხერსონის პრორუსული ადმინისტრაციის განცხადებაში. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, ხერსონისთვის ბრძოლა ომში გამარჯვებულის ბედს ნამდვილად არ წყვეტს, თუმცა უკრაინელებისთვის ეს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მონაპოვარი იქნება, რათა შემდგომი შეტევა ყირიმზე დაიწყოს. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი თვლის, რომ თუ უკრაინელებმა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირო და ნოვოკახოვკას კაშხალი დაიკავეს, ფაქტიურად პლაცდარმს შექმნიან და შემდეგ შეტევას ყირიმის მიმართულებით განავითარებენ. ახლა კი რუსები მდინარის მარცხენა სანაპიროს ამაგრებენ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ხერსონი ამ ომში გამარჯვებულის ბედს არ წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მონაპოვარი იქნება, რადგან ეს რეგიონი პირდაპირ ანექსირებულ ყირიმს ემიჯნება და ფაქტიურად ერთგვარი საყრდენი წერტილია. გამოდის, რომ ხერსონის დაკარგვით რუსებს ყირიმის დაკარგვის საფრთხე ექმნებათ. ხერსონი იმიტომაცა მნიშვნელოვანი, რომ ამის შემდეგ მარიუპოლის გათავისუფლებაზე და აზოვის ზღვისკენ გასავალზე უკრაინელებს ხელ-ფეხი ეხსნებათ, რაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული წარმატებაა”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“უკრაინელები ხერსონისა და განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს დაკავებით ყირიმის მიმართულებით შეტევვის განვითარებას უკვე ძალიან ადვილად შეძლებენ და ამ ქალაქის დაკარგვა რუსებს ყირიმის დაცვას გაურთულებს. ახლა რუსებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ ხერსონში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო დატოვონ, მარცხენა სანაპიროზე გადმოვიდნენ და გამაგრდნენ. დნეპრი ძალიან დიდი ბუნებრივი დაბრკოლებაა, რომლის ფორსირება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუჭირდებათ. გარდა იმისა, რომ მდინარე განიერია, ძალიან ბევრი მცირე შენაკადი აქვს და ზოგიერთი ადგილი დაჭაობებულია. ახლა საკითხი დგას, რომ ბრძოლა გაიმართება ნოვოკახოვკისთვის. თუკი უკრაინელებმა ეს დაიკავეს, ფაქტიურად პლაცდარმს შექმნიან და შემდეგ ყირიმის მიმართულებას განავითარებენ. ამიტომაა ნოვოკახოვკის კაშხლის აფეთქება ასეთი დიდი საფრთხე, თუმცა ტექნიკურად ეს ძალიან რთული შესასრულებელია”, განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მლაშა ბერიძე.
“მდინარე დნეპრი საკმაოდ განიერია და მისი ფორსირება ფაქტობრივად არსად არაა შესაძლებელი ქალაქ ზაპოროჟიემდე. ანუ, თუ რუსები მოახერხებენ და მარცხენა სანაპიროს გადავლენ, ფრონტის ხაზს ძალიან შეამცირებენ… აქ ხერსონის დათმობაზე არაა საუბარი, აქ საქმე ისაა რუსები მოახერხებენ თუ არა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წარმატებით გადასვლას და გამაგრებას. ეს თუ მოახერხეს, ფაქტობრივად ამ მიმართულებიდან უკრაინელების შეტევას შეაჩერებენ და რაღაც პერიოდი ყირიმს დაიცავენ. სამწუხაროდ, ტაქტიკურად ეს შესაძლებელია და განხორცილებადია, რომ დნეპრის ამ მიმართულებაზე გამაგრდნენ და უკრაინელებს უკვე შეტევა ზაპოროჟიედან სამხრეთით მოუწევთ. გადაჯგუფებასა და ორგანიზებას კი დრო სჭირდება”, – დასძენს ლაშა ბერიძე.
“უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი რომან პონომარენკო “რადიო ნბ”-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ხერსონისათვის ბრძოლა “მეორე მერიუპოლი” იქნება, თუმცა ამბობს, რომ უკრაინელები ახლა უფრო მეტად არიან მომზადებული. “როცა საქმე ქუჩის ბრძოლებს ეხება, მაშინვე მარიუპოლის სცენარი მახსენდება, თუ როგორ აიღეს რუსებმა შტურმით აიღეს. მათ ქალაქს, უკრაინელ ჯარისკაცებს მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ალყა შემოარტყეს და მეთოდურად, ერთმანეთის მიყოლებით მიწასთან ასწორებდნენ საცხოვრებელ კვარტლებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასეთი სცენარით არ იმოქმედებენ. ჩვენ მოქმედების უფრო თანამედროვე ტაქტიკა გვექნება”, – მიიჩნევს პონომარენკო. მისივე პროგნოზით, ხერსონისთვის ბრძოლაში მთავარი დატვირთვა ბრიტანეთში გადამზადებულ უკრაინელ სამხედროებზე იქნება, რომელთაც სხვა ყველაფერთან ერთად ქუჩის ბრძოლებისთვისაც ამზადებდნენ. ის დარწმუნებულია, რომ დიდ ბრიტანეთში გავლილი სამხედრო წვრთნებში შესწავლილი ახალი ტაქტიკა ხერსონისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში უკრაინელებს დაეხმარება”, – წერს სტატიის ავტორი.
“ვახტანგ მაისაიას აზრით, რადგანაც 2-3 კვირაში ამინდი იცვლება, უკრაინელები, დიდი ალბათობით, ხერსონზე გადამწყვეტ იერიშს უახლოეს დღეებში დაიწყებენ. “უკრაინელები გადამწყვეტ ბრძოლას ალბათ მალე დაიწყებენ, თუმცა, როგორი იქნება ეს ბრძოლა, ამაზე რთულია საუბარი. ორ-სამ კვირაში სხვა კლიმატური პირობები დადგება და უკრაინამ ამ პერიოდში უნდა მოასწროს. ხერსონზე შეტევა მაქსიმუმ ალბათ ამ კვირაში უნდა დაიწყოს. შეიძლება ხერსონი “მეორე მარიუპოლი” აღმოჩნეს, ოღონდ ამ შეთხვევაში უკრაინელების წარმატებით. სავსებით რეალური სცენარია, რომ აქ უკრაინელები წარმატებას მიაღწევენ, რადგან მეც ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ სამხედრო წვრთნებში შესწავლილი ახალი ტაქტიკა ხერსონისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში უკრაინელებს დაეხმარება. ხერსონში ძალების თანაფარდობა დაახლოებით 1/1.5-ზეა უკრაინელების სასარგებლოდ. უკრაინელებს დაახლოებით 10 ათასი კაცი ჩამოუვიდათ, რომლებიც ბრიტანეთში მეორე ეტაპზე გაიწვრთნენ და როგორც ჩანს, ამასაც ხერსონის მიმართულებით გადაისვრიან”, – ამბობს მაისაია, რომლის თქმით, ხერსონში ძალების გადასროლის საშუალება ასევე რუსებსაც აქვთ”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“უკრაინელები ხერსონში ახლა სავარაუდოდ 40 ათასი არიან და რუსები კი – დაახლოებით 28 ათასი. ხერსონთან დაკავშირებით თავად რუსებისგანაც შეიმჩნევა სკეპტიკური განწყობები. არმიის გენერალმა სუროვიკინმა (უკრაინაში მოქმედი რუსული ძალების მთავარსარდალი) რამდენიმე დღის წინ არ გამორიცხა, რომ შეიძლება რუსებმა ხერსონი დატოვონო, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს”, – თქვა მაისაიამ. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი აცხადებს, რომ ქუჩის ბრძოლებს ხერსონში არ ელოდება და ბრძოლა დიდხანს არ გაიწელება”, – დასძენს სტატიის ავტორი.
“ეს ბრძოლა, ჩემი აზრით, დიდხანს არ გაიწელება. უფრო ვვარაუდობ, რომ რუსები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ. ახლა დროს იგებენ, რომ თავისი ადმინისტრაცია და ვიღაცეები გადმოიყვანონ. რა თქმა უნდა, ქალაქის დაბომბვას დაიწყებენ, რომ იოლად არ დათმონ. ჩემი აზრით, უკრაინელები მდინარე მარჯვენა სანაპიროს მალე გაათავისუფლებენ. თუმცა უკრაინელების ინტერესში შედის, რომ რაიმე სახით ნოვოკახოვკასთან უპირატესობა აიღონ და მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ ამ მიმართულებაზე შეტევა გააგრძელონ. თუ ეს ვერ გააკეთეს, ამ მიმართულებაზე შეტევას ვერ გააგრძელებენ. მე ქუჩის ბრძოლებს არ ველოდები. ხერსონის ოლქში ორი ხიდია, ანდრეევსკის ხიდი და ნოვოკახოვკას კაშხალი-ხიდი. რა წამსაც რუსები ხიდის აქეთ მხარეს გადმოვლენ, იქით ვისაც დატოვებენ, ან დანებდება, ან მოკვდება. მძიმე ბრძოლა არ იქნება, ჩვეულებრივი, ტიპიური ქალაქის ბრძოლა იქნება. ვინც პრორუსი კოლაბორანტია ის უკვე გაიქცა. უკრაინელების ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ნებისმიერი გზით ნოვოკახოვკას ხიდზე კონტროლი დაამყარონ. ეს ერთადერთი გზაა, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ძალები გადაიყვანონ და პლაცდარმი შექმნან”, – მიიჩნევს ლაშა ბერიძე.