საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.
“გამომდინარე იქიდან, რომ მედიასაშუალებათა ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, არ იცავს წესრიგს, საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებას გულისხმობს. საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი”, – თქვა ჯაღმაიძემ.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოში დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე “მთავარი არხის” ჟურნალისტი და ოპერატორი არ დაუშვეს.