დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი.
„საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. რაც იგულისხმება, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსების სისტემის შემოტანას, რომელიც უკვე მრავალი წელია აპრობირებულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. პაციენტს ვთავაზობთ სამართლიანი ანაზღაურების სისტემას, რასაც უმრავლეს შემთხვევაში სრულად ფარავს სახელმწიფო, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული თანამონაწილეობაა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. აქ მკაცრად არის განსაზღვრული ის თანამონაწილეობის თანხები, 0-დან 30%-მდე, რასაც თანაგადახდის სახით ჩვენი მოქალაქე გადაიხდის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება.
პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს.
DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს.