რაგბი ევროპის ჩემპიონატი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბორჯღალოსნები ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 40:8 დაამარცხეს. შეხვედრა ამსტერდამში გაიმართა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კვლავ სტუმრად ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
გერმანიასთან 75:12 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება განხორციელდა. ხაზის მოთამაშეთაგან ძირითადში ადგილი მხოლოდ აკა ტაბუცაძემ შეინარჩუნა, შერკინებაში კი ოთხმა მორაგბემ – ბურჯმა ნიკა აბულაძემ, მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ და ასევე მესამეხაზელმა, გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ.
ნიდერლანდებთან სათამაშო შემადგენლობის დასახელებამდე, მცირე ტრავმის გამო გუნდს ბექა გორგაძე დააკლდა და მის ნაცვლად გაფართოებულ რაზმს ლუკა ივანიშვილი დაემატა.
პირველ ტურში ნიდერლანდები ესპანეთს მადრიდში ეწვია და 20:28 დამარცხდა.