ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ყველაზე დრამატული სამხედრო წინააღმდეგობა იყო, – ასე აფასებს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სირაკუზის უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან ტეილორი. ის რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელ შურისძიებაზე საუბრობს.
„ვფიქრობ, ამ ფაქტმა პუტინი მნიშვნელოვნად შეასუსტა. კერძო სამხედრო დაჯგუფება მოსკოვისკენ იძვრის და მას არავინ აჩერებს. მეტიც, ამის ფონზე მათ წინსვლის უფლება მისცეს. პრიგოჟინს ახლა სიფრთხილე მართებს. რუსული ელიტის ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის პუტინი, ძალიან გაბრაზებული იქნება იმის გამო, რაც გუშინ ვნახეთ. პუტინისთვის დამახასიათებელია შურისძიება მათზე, ვინც მას დანა ზურგში ჩასცხო“, – მიიჩნევს ტეილორი.
გასამხედროებული დაჯგუფებამ „ვაგნერი“ მოსკოვისკენ კოლონის მსვლელობა შეაჩერა, მისი ლიდერი ევგენი პრიგოჟინი კი ბელარუსში წავა. მანამდე ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ პრიგოჟინთან მოლაპარაკებები გამართა და ის კოლონის მოძრობის შეჩერებას დათანხმდა.
შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.