„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ არ იმყოფებოდა ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.
„პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი არის მაღალი თანამდებობის პირი, მგონი არც ერთი მივედით. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი – ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა არ მისულიყო. მე არ დავაკონკრეტებ, თვითონ დააკონკრეტებს, თუ ექნება სურვილი, დასამალი არაფერი არ არის. ერთი არ იყო, სხვათა შორის ასეთი შემთხვევა იყო სამი. შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები, სინამდვილეში არ უნდოდათ მიწვევა. ეს არის რბილად რომ ვთქვათ არასწორი დამოკიდებულება. ასეთ დროს ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, რომ გამოგვეხატა სოლიდარობა. ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო ხდება შეცდომების დაშვება, ამაზე გვჭირდება რეაგირება. მომავალ წელს როდესაც გაიმართება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი რა თქმა უნდა აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა დაშვებული. რამდენიმე დეპუტატი იყო მისული ღონისძიებაზე, თუმცა რამდენიმე ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად. ამ დეპუტატების მისვლა საელჩოში იყო იმის დასტური, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელ ხალხს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს და ამერიკის საელჩოს“, – განაცხადა კობახიძემ.
საზეიმო მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.