„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრესკონფერენციას გამართა, სადაც ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა. როგორც კობახიძემ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პუნქტზე საუბრისას განაცხადა, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა შეიმუშავა დაახლოებით 100-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის შეფასებული სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული თითოეული მიმართულება.
„პარლამენტმა შეიმუშავა და დაამტკიცა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, იურიდიული კომიტეტი მუშაობდა ამ საკითხზე. თავის დროზე ჩვენ ვთხოვეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, საკუთარი დოკუმენტი წარმოედგინათ, მათი მხრიდან ჩართულობა იყო საკმაოდ სუსტი. ჩვენ ვთხოვეთ თითოეულ მათგანს, წარმოედგინათ საკუთარი სტრატეგია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად, თუ სწორად მახსოვს, იყო ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმეგვერდიანი დოკუმენტი. იურიდიულმა კომიტეტმა შეიმუშავა დაახლოებით 100-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის შეფასებული სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული თითოეული მიმართულება. რაც შეეხება ორგანულ კანონში ცვლილებებს, დამატებით დაიხვეწა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურა. იგივე სტანდარტით დადგინდა პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა, ესეც იყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასამართლო აქტების გასაჯაროების კუთხით, საჯარო ინფორმაციის სტანდარტით გასაჯაროების კუთხით. დადგინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების გაზრდილი ანგარიშვალდებულების წესი, შემოვიღეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებისთვის ეფექტიანი გასაჩივრების წესი, რაც ასევე ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. განახლდა რეგულაციები, რაც უკავშირდება მოსამართლეთა მივლინებას, გადაყვანას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ასევე მოწესრიგდა რეგულაციები, რომელიც უკავშირდება დისციპლინურ წარმოებას მოსამართლეთა მიმართ. აქაც არის განხორციელებული არაერთი ფუნდამენტური ცვლილება. პირველი მოსმენით მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს. ამაზე შედგა კონსენსუსი მიუხედავად იმისა, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ არის საინტერესო და ხშირ შემთხვევაში მისაღები ის ნორმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ამიტომ ჩვენ ვითხოვეთ, რომ დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს ევროკომისიასთან, რათა საბოლოოდ შევჯერდეთ ამ საკითხზე. ავირჩიეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი, საკმაოდ რთული პროცესი იყო, ორი წევრი კვლავაც ასარჩევი. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი, მაგრამ მთლიანად სასამართლოს ნაწილშიც განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – აცხადებს კობახიძე.