“დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს, სადაც უკრაინელ სამხედროებს მოამზადებენ. ამასთან ლონდონი კიევს შავ ზღვის აკვატორიის დაცვის გაძლიერებაში დაეხმარება, რათა ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი არ შეფერხდეს. ამის პარალელურად ფრონტი საბრძოლო მოქმედებები ფაქტიურად გაყინულია და საუბარია იმაზე, რომ უკრაინა ახალი კონტრშეტევას ამზადებს. სხვადასხვა რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, იგეგმება ახალი მძლავრი დარტყმა ზაპოროჟიეს მიმართულებით და მდინარე დნეპრის ფორსირება ხერსონის მიდამოებში. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დიდი ბრიტანეთის გეგმები ჯერ კიდევ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, თუმცა, სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, უკრაინაში ბაზით პირდაპირ არ შევა, შესაძლოა ბრიტანელებმა სამხედრო ცენტრი მართლაც შექმნან, მაგრამ დე ფაქტოდ გააკონტროლებენ. მათი თქმით, ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვოში უკრაინელებს სამხედრო ბაზა აქვთ, სადაც ბრიტანელები საზღვაო ძალებს ამზადებენ და შესაძლოა ეს ცენტრი გააძლიერონ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბრიტანული სამხედრო ბაზა უკრაინაში და შემოდგომის კონტრშტევა – გასცდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი ორი ქვეყნის ფარგლებს.
“როგორც “ტელეგრაფი” წერს, დიდი ბრიტანეთი უკრაინაში თავის ჯარს პირველად განათავსებს, ბრიტანელები კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოამზადებენ. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა გააკეთა. მან კიევში ვიზიტის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობასთან უკვე მიდის მოლაპარაკებები საწვრთნელი პროგრამის უკრაინის ტერიტორიაზე გადატანის შესაძლებლობის შესახებ. ფრონტზე კი რამდენიმე დღეა სიტუაცია არ იცვლება და მხარეები მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებიან. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ფრონტის აქტიურობა ბახმუტსა და ზაპოროჟიესკენ მეტ-ნაკლებად მაინც შენარჩუნებულია და თუ კიევის გეგმებში შემოდგომის კონტრშეტევა მართლაც არის, დარჩენილი 2-3 კვირა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ამინდების გაუარესებამდე. ამ სამკვირიან პერიოდში კი ხერსონთან დნეპრის ფორსირება ისე, რომ უკრაინელებმა მდინარის მარცხენა სანაპირო სრულად გააკონტროლონ, ფაქტიურად შეუძლებელია და ეს უფრო მომავალი წლის გეგმას ჰგავს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სექტემბრის მიწურულს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ბრიტანელი სამხედრო მეთაურებთან განხილული გეგმების ფარგლებში, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების პროგრამა გაძლიერდება. განიხილება უკრაინაში საწვრთნელი ცენტრის მოწყობა და ბრიტანელი ჯარის გაგზავნა. მისი თქმით, ბრიტანეთი უკრაინელ სამხედროებს უკრაინაშივე მოამზადებს. განხილვის კიდევ ერთი საკითხია შავ ზღვაში ბრიტანული სამხედრო ხომალდების შემოყვანა, რომლებიც უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შაპსი ახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს სამხედრო ლიდერებთან უკრაინაში ბრიტანეთის ჯარების გაგზავნის შესახებ, რათა უკრაინელებმა ოფიციალურად ჩაატარონ წვრთნები “საკუთარ მიწაზე”. სხვა ნატოელი მოკავშირეები ამ ნაბიჯს მოერიდნენ, რათა მათი სამხედრო ნაწილები რუსული არმიის ცეცხლის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ, რაც კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევდა. გარდა ამისა, შაპსმა ბრიტანულ თავდაცვის სფეროს მეწარმეებს უკრაინაში ახალი ქარხნების გახსნისკენ მოუწოდა. ამასთანავე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია ამ საკითხზებზე რა დასკვნამდე მივიდა ორივე მხარე”, – განაგრძობს გამოცემა.
“გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ეს საკითხები ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთი ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომელიც სიტუაციის ესკალაციის მიზეზი გახდება. “ჯერ ეს დადასტურებული არაა. უკრაინაში არის საწვრთნელი ბაზა, სადაც ბრიტანელი ინსტრუქტორები არიან, თუმცა ის უკრაინულია. არ მგონია, რომ მსგავსი ბრიტანული ბაზა გაიხსნას, რადგან ბაზის გახსნა და ჯარის შეყვანა სხვა თემაა და ინსტრუქტორები და უკრაინელების მომზადება – სხვა. მე უფრო მგონია, რომ ეს სამხედროების მომზადების საკითხი იქნება და ბრიტანელების მიერ უკრაინელების სამხედრო გაწვრთნა რამდენად ეფექტიანია, ეს იმითაც ჩანს, თუ რას უშვრებიან უკრაინელები რუსების შავი ზღვის ფლოტს. დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთი უკრაინაში ასე პირდაპირ, ბაზით არ შევა”, – მიიჩნევს კაპანაძე. ამასვე ფიქრობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, ბრიტანეთი თავს აარიდებს სიტუაციის დაძაბვას და თუ სამხედრო ბაზის გახნა ან არსებულის გაძლიერება სურს, ამას დე ფაქტოდ გააკეთებს”, – დასძენს გამოცემა.
“უკრაინელებს ოჩაკოვოში აქვთ სამხედრო ბაზა, სადაც ბრიტანელები საზღვაო დივერსანტებს ამზადებენ. ეს უფრო ბრიტანული ბაზაა, ყველაფერი მათ ხელშია. ამ ბაზას დე ფაქტოდ აკონტროლებენ, უკრაინელების უფრო ფორმალურადაა და შეიძლება ეს გააძლიეროს. ასე ოფიციალურად ბრიტანული ბაზისა და ჯარის შემოყვანას შესაძლოა რუსეთის საპასუხო დარტმები მოჰყვეს, ეს კი ნიშნავს, რომ ის ომში უნდა ჩაერთოს და ამის თავიდან ასარიდებლად ვფიქრობ, რომ ბაზის მართვა ისევ დე ფაქტოდ იქნება, ოღონდ გააძლიერებს. ჰიბრიდული ჩარევის ბევრი მეთოდებია და ყველა ვარიანტში თავს აარიდებს პირდაპირ ჩართვას”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ხერსონში უკრაინას დნეპრის ფორსირება ისედაც დაწყებული აქვს, თუმცა დარჩენილი “მშრალი პერიოდი” მათ არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ეს ბოლომდე მიიყვანონ. ზაპოროჟიეში კი უკრაინელები ისევ ვერბოვეს უტევენ და, კაპანაძის შეფასებით, არც რუსული თავდაცვის გარღვევისთვის არ ეყოფათ შემოდგომის ხელსაყრელი პერიოდი. “ხერსონში უკრაინას დნეპრის ფორსირება დაწყებული აქვს. მდინარის მარცხენა ნაპირთან კუნძულია “კაზაკთა ბანაკი”, სადაც უკრაინელები უკვე შესულები არიან, მაგრამ ფართომასშტაბიანი ფორსირება, მდინარის გადმოლახვა რასაც ჰქვია, ეს ძალიან რთული ოპერაციაა, რადგან მეორე მხარე რუსებს აქვთ დაკავებული. დნეპრი პატარა მდინარე არაა და ამას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება. ვიცი, რომ ხერსონში უკრაინელების დაჯგუფებაა შექმნილი, მაგრამ ამას რამდენად განახორციელებენ, ეს სხვა თემაა”, – აცხადებს კაპანაძე, რომლის აზრით, ეს “ძალიან მძიმე ოპერაცია იქნება”, – წერს სტატიის ავტორი.
“რაც შეეხება ზაპოროჟიეს, აქაც დიდ პერსოექტივას ვერ ვხედავ, რადგან ჯერჯერობით უკრაინელები 8 კმ-ზე არიან შესული და ჯერ კიდევ ვერბოვეს უტევენ, ჯერ ვერ აუღიათ და არა მგონია, რომ შემოდგომაზე რაღაც დიდი ცვლილებები იყოს. ახლა უბრალოდ ორივე მხარე ეცდება, რომ პოზიციები გაიუმჯობესოს ზამთრის კამპანიისთვის. ამინდი 2 კვირაში გაუარესდება და ეს დრო არ ეყოფათ. პატარა სოფელს რაბოტინოს თვენახევარი იღებდნენ და ამ ტემპით და იმ რუსული გაჯერებული თავდაცვის ფონზე, რომელიც მოწყობილი აქვს, შეტევა რთული იქნება”, – დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი გვეუბნება, რომ თუ უკრაინელები ზაპოროჟიეში დაიწყებენ აქტიურ შეტევას, შესაძლოა რუსეთის თავდაცვის რამდენიმე შრეც გაარღვიონ. “უკრაინელები ამ კონტრშეტევას ახლა თუ მოასწრებენ, სანამ მზიანი დღეებია, თორემ მერე, წვიმები რომ წავა, უკვე გაუჭირდებათ. ორი, მაქსიმუმ სამი კვირა აქვთ, რომ ეს მოასწრონ. თუმცაღა ვფიქრობ, დნეპრის ფორსირება რთულია და ამ დროში ვერ მოესწრება. თუმცა ზაპოროჟიეში შეიძლება რამე მოასწრონ, ძალები შეიყვანონ და რუსების გარკვეული თავდაცვის ხაზი გაარღვიონ. დნეპრის ფორსირება, სამხედრო ხელოვნების კუთხით, იოლი საქმე არაა. ამას საბჭოთა არმიაც ვერ ახერხებდა. ამის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს”, – ამტკიცებს მაისაია, რომლის თთქმით, “ორივე მხარე ემზადება, რომ 2025 წლამდე იბრძოლოს და აქედან გამომდინარე, ჯერ სიტუაცია ბუნდოვანია”, – დასძენს სტატიის ავტორი.