ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს, ყველანი ერთად ვეტყვით ”არას” ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. 98 წლის წინ ამ ადგილთან ძალიან ახლოს, აქვე რუსთაველის გამზირზე საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელმაც ბევრი თაობის ქართული ოცნება რეალობად აქცია და ოკუპაციის პირობებშიც კი ჩვენს ორიენტირად იქცა. მაშინ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ ერთხმად გამოაცხადა, რომ აქ, ამ მიწაზე დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა, რომელიც დაეფუძნებოდა ადამიანის უფლებებს, ადამიანის თავისუფლებას, ყველას თანასწორობას, რომელიც იბრძოლებდა მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.
დღეს განსაკუთრებით მინდა მივესალმო ამ დიდებული დღის შემოქმედთა შთამომავლებს, რომლებიც აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან – ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ჩხენკელისა და სხვათა შთამომავლებს.
25 წლის წინ აქვე პარლამენტის შენობის დარბაზში მორიგ ჯერზე დაგვჭირდა ქართული რესპუბლიკის გამოცხადება, რაც ადასტურებს, რომ ეს გზა ადვილი არ ყოფილა. ეს იყო ბრძოლის, ომის, თავგანწირვის, თავისუფალი საქართველოს იდეას შეწირული ბევრი თაობის მიერ განვლილი მძიმე გზა.
”არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა”, – ასე მიმართა 98 წლის წინ ქართველმა გენერალმა საქართველოს და მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები მთელი საქართველოს ისტორიაა. დიახ, კლავდნენ და არ კვდებოდა, კლავდნენ და მაინც დგებოდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. ეს დღე ჩვენი. დღევანდელი დღესასწაული უპირველესად იმ ქალების და კაცების, ჯარისკაცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში სიცოცხლის ბოლომდე ჩვენს შვილებს მოვუყვებით. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს, ყველანი ერთად ვეტყვით – არას ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება. არას პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უაღრეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ერთგულებას ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროება იქნება ჩვენი არჩევნის მიმართ ვიბრძოლოთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი, ევროპული საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენია და ყოველი დღე ისტორიულია, რომელიც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქ თავისუფლების მოედანზე შედგება. დღეს პირველად თავისუფლების მოედანზე დგას ნატო-ს ქართველი ასეული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენ ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ოჯახში დაგვაბრუნებს – ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბიჭებს ამ მიღწევისთვის, შესაძლებლობისთვის, ამ სტატუსისთვის, რომელიც სულ უფრო გვაახლოებს ევროპულ საქართველოსთან.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, ეს დღე ჩვენია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამითი გზავნილს ვაწვდით ყველას – ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ეროვნების და რელიგიის მოქალაქეებს, ეს დღე ყველასია, მთელი საქართველოსია. და დღეს ჩვენთან ერთად მინდა მივესალმო ამერიკელ, დიდ ბრიტანელ, პოლონელ, ლატვიელ სამხედრო მოსამსახურეებს. მათი აქ დგომა ადასტურებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ არც დღესასწაულის დროს და არც გაჭირვების დროს. ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები აქ ჩვენთან ერთად იდგნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და ასე იქნება მანამ, ვიდრე საქართველოს თავისუფლებას ეს დასჭირდება.
განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ცენტრალურ აფრიკაში, მალის რესპუბლიკაში, ავღანეთში, ყველგან, სადაც ამაყად ფრიალებს საქართველოს დროშა სწორედ იმიტომ, რომ ქართველმა სამხედროებმა შექმნეს უკვე მთელი ისტორია მაღლი რეპუტაციის, საამაყო სამხედრო სამსახურის, საამაყო ქვეყნის სამსახურის.