ამ ძალადობის გამო არ მიყვირია, თავის დროზე გავჩუმდი ბევრი მიზეზის გამო…
“მე არ ვიცი, თქვენ ჩემს ნაამბობს როგორ მიიღებთ, მაგრამ ნამდვილად მაქვს სურვილი, გული გადაგიშალოთ. აღარ მჯერა ადამიანების და ეს იმის ბრალია, რომ ბავშვობაში ისეთი სტრესი გადავიტანე, რომლის დავიწყება დღემდე ვერ შევძელი”, – ამ მესიჯის ავტორთან საუბარი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. თუმცა, კარგი ის არის, რომ ტკივილიანი ბავშვობის დავიწყებაში ქმარი მაქსიმალურად ეხმარება და შვილებიც ცდილობენ, დედას ტკივილი აარიდონ…
– ძალიან მინდა, გონებიდან ამოვიგლიჯო ეპიზოდები, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ. ჰოდა, იქნებ თქვენთვის ჩემი ამბის გაზიარებით დავიმშვიდო გული? აბა, ეს ხალხი სულელი ხომ არ არის, საკუთარ ამბებს რომ გიყვებათ?!
– გვიამბეთ, ისეთი რა შეგემთხვათ, რის გამოც ადამიანების მიმართ ნდობა დაკარგეთ?
– ვინაიდან ძალიან პატარა დავობლდი, მამიდა მზრდიდა. მას ორი შვილი ჰყავდა: ჩემზე 6 წლით უფროსი თენგო და 3 წლით უფროსი გუჯა (ცხადია, მათი სახელები შეცვლილია). ჩემი მშობლები ავარიაში რომ მოყვნენ, ამით დათრგუნვილი ვიყავი, აღარც თამაშისკენ მიმიწევდა გული და აღარც – სწავლისკენ. მამიდა ძალიან ეცადა, ჩემთვის ბავშვობა დაებრუნებინა, მაგრამ ისე არ გამოვიდა, როგორც მას უნდოდა. ბებიასთან არ დამტოვა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვერ მომცემდა კარგ განათლებას, – თავის თავს ძლივს უვლის და ბავშვი დამეჩაგრებაო. ძმასთან საოცარი ურთიერთობა ჰქონდა და მისგან მხოლოდ მე შემოვრჩი. ალბათ გესმით, ჩემ მიმართ რასაც გრძნობდა… ბებო რომ მივატოვე, ამასაც ძალიან განვიცდიდი, მაგრამ პატარა გოგოს ვინ რას დამეკითხებოდა ან პროტესტი რომ გამომეთქვა, ყურს დამიგდებდნენ? 5 წლის ვიყავი, მამიდამ სახლში რომ წამიყვანა. დაახლოებით 3 წელი დამჭირდა, ჩვეულ ბავშვურ ცხოვრებას რომ დავბრუნებოდი. ვიდრე საკუთარ თავში ჩაკეტილი, ჯიუტი გოგო ვიყავი, მამიდაშვილები ჩემთან თამაშის სურვილსაც არ გამოთქვამდნენ. თან, მათთვის პატარა ვიყავი, თავი კიტრებად მოჰქონდათ. რამდენჯერაც მამიდამ მათ უსაყვედურა, – რატომ არ ცდილობთ, რომ გაართოთო? იმდენჯერვე მკვახე პასუხი მიიღო შვილებისგან. მეც, დიდად არ მხიბლავდა ბიჭებთან თამაშის პერსპექტივა. ამას მერჩივნა, ჩემი თოჯინებით, მარტოს მეთამაშა დედაშვილობანა.
მას მერე, რაც წამოვიზარდე და კლასელებთან ურთიერთობაც ვისწავლე, ხასიათი გამომიკეთდა, ბიჭებმაც გამოიხედეს ჩემკენ. განსაკუთრებით, გუჯა დამიძმობილდა. საერთო ენაც გამოვნახეთ ნელ-ნელა… თითქოს დავუბრუნდი ლაღ ბავშვობას. ზაფხულში ბებიასთან მივდიოდი. აი, იქ კი სულ სხვანაირად ბედნიერი ვიყავი. მშობლიურ სახლში თითქოს, კედლებიც კი სიყვარულით იყო გაჟღენთილი და მამიდასთან ყოფნის პერიოდში, სულ იმაზე მეფიქრებოდა უნებურად, – როდის გავიზრდები, რომ შინ დავბრუნდე-მეთქი. თან მყვებოდნენ და მე მაინც, უმადურივით, იქიდან გაქცევაზე ვფიქრობდი.
– რამდენი წლის იყავით, როცა მშობლიურ სახლში დაბრუნების უფლება მოგცეს?
– 14 წლის რომ გავხდი, ბებო გარდაიცვალა და როგორც მამიდა ამბობდა, – აბა, ვინ გამიშვებდა, ცარიელ კედლებში, ჩემს ჭკუაზე საჭენაოდ?.. ბებიის გარდაცვალებამ კიდევ უფრო მეტად დამიმძიმა გული. მამიდაშვილები თავს მევლებოდნენ, განსაკუთრებით გუჯა იჩენდა ჩემ მიმართ სითბოს. ჰოდა, ერთხელაც, ჩვენ შორის ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ჩემი უფროსი მამიდაშვილი სასწავლებლად თბილისში გამოუშვეს, მე და გუჯა კი სულ ერთად მივდიოდით სკოლაში, მერე შინ ერთად ვბრუნდებოდით, საერთო მეგობრები გვყავდა. ერთხელაც, მე და გუჯა შინ მარტოები დავრჩით. მან ჩემზე იძალადა, ფაქტია, მაგრამ როცა ეს ამბავი გახმაურდა, არაფრის მტკიცებას აზრი აღარ ჰქონდა. ფაქტი ის იყო, რომ ამ ძალადობის გამო არ მიყვირია, თავის დროზე გავჩუმდი ბევრი მიზეზის გამო…
– იქნებ ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მის მიმართ თქვენც გქონდათ გრძნობა?
– მიყვარდა და ვერც კი ვაცნობიერებდი, როგორი იყო ჩვენი სიყვარული: დაძმური, ქალ-ვაჟური… უბრალოდ, როცა მან ჩემთან დაწოლა განიზრახვა, ეს ძალიან არ მესიამოვნა. მაშინ 14 წლის ბავშვები ისე არ იყვნენ გათვითცნობიერებულები ამ ყველაფერში, როგორც დღეს არიან. ასე რომ, ვერც ვხვდებოდი, რა ხდებოდა და ძალა არ მეყო საიმისოდ, რომ მეყვირა ან წინააღმდეგობა გამეწია.
– ეს ამბავი ოჯახის წევრებმა როგორ გაიგეს?
– იმ დღის მერე, გუჯა მოსვენებას არ მაძლევდა, სულ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, მის გვერდით მარტო არ დავრჩენილიყავი, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამომდიოდა, ხომ გესმით… მერე მუცელი დამეტყო და ოჯახში “ბომბი აფეთქდა”. მამიდა მიხვდა, რომ ორსულად ვიყავი, მე კი იმდენიც არ ვიცოდი, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას რა მოჰყვებოდა. დამაძალეს მეთქვა, ვისთან ერთად ვატარებდი დროს. თავიდან იმასაც ვერ ვხვდებოდი, რა კითხვებს მისვამდნენ. ვმალავდი ყველაფერს და ჩუმად, უსიტყვოდ ვიტანდი ლანძღვა-გინებას. მერე მამიდამ “თავისმომჭრელი” ძმისშვილი, ექიმთან წამიყვანა. იქ რაღაც პროცედურები ჩამიტარეს და მერე მითხრეს, რომ ბავშვი მომაშორეს. დაჟინებით მთხოვდნენ “ოჯახის ამომწყვეტის” დასახელებას, მაგრამ ჯიუტად ვდუმდი. გუჯასაც არ უცდია ჩემი დაცვა. ამის შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი: მამიდა ხომ ყოველდღე მლანძღავდა და მომიძულა, ბიძამაც ვერ მაპატია და ცოლს დაჟინებით სთხოვდა, – ვიდრე სახელს გაგვიტეხს, გავუშვათ აქედანო. გუჯას დაავალეს ჩემთვის თვალყურის დევნება, – იქნებ გაიგო, ვინ გაგვაუბედურაო? ეს ამბავი ჩემი ოჯახიდან არ გასულა. ყველაფერი ისე მოაგვარეს, რომ არავინ არაფერი იცოდა ჩემი ორსულობის შესახებ. მოკლედ, მთელი წელი მლანძღეს და მირტყეს, ბოლოს გადაწყვიტეს: ჯობია, თავის სახლში გავუშვათო და ასეც მოიქცნენ.
– 15 წლის გოგო, რომელსაც შემოსავლის წყარო არ გქონდათ, მარტო დაგტოვეს?
– კი, ასე მოხდა. მიმიყვანეს სახლში და პენსიასავით, გარკვეულ თანხას ყოველთვე მაძლევდნენ, ბოლომდე არ გამიმეტეს. სკოლაში სიარული მივატოვე. ვინ იცის, რამდენი ღამე გამითევია თეთრად, შეშინებულს. მეგონა, ვინმე შემოვარდებოდა და რაღაცას მომწევდა. მადლობა ღმერთს, მეზობლებს კარგად ახსოვდათ ჩემი მშობლები, ჩემი ტკბილი ბებო და ხშირად მეხმარებოდნენ. ერთ მეზობელ ქალს განსაკუთრებულად დავუმეგობრდი. მან შეძლო ჩემს გულში შემოღწევა და ერთ დღესაც, ღრიალით, ყველაფერი ვუამბე. უნდა გენახათ, ნერვიულობისგან როგორ გალურჯდა. გამწარებულმა იყვირა, – იმ შენს ნაძირალა მამიდაშვილს ეს არ უნდა შევარჩინოთო, მაგრამ დავუჩოქე, რომ არაფერი ეთქვა. კიდევ უფრო მეტად ნუ დამინგრევ ცხოვრებას-მეთქი. გამიგო და ჩემი საიდუმლო საფლავშიც წაიღო. იმის შემდეგ, ეს ქალი გახდა ჩემი დამცველი. მიცავდა ყველასა და ყველაფრისგან. ბოლოს იმდენი ქნა, რომ შინ წამიყვანა და მპატრონობდა. იმ ფულით კი, რომელსაც მამიდა ყოველთვიურად მაძლევდა, ხელობა მასწავლა. სტილისტი გავხდი და მალე, სახელიც გავითქვი რაიონში. დღეში 20 ადამიანს მაინც ვემსახურებოდი და 19 წლისამ იმდენი მოვახერხე, რომ სალონიც გავხსენი და სხვებიც დავასაქმე. ასე, ნელ-ნელა ავაწყვე იმ მეგობარი ქალბატონის დამსახურებით საქმე. ჰოდა, მერე უკვე მე ვეხმარებოდი მას. შვილები სასწავლებლად რომ გაუშვა თბილისში, მათთვის ბევრჯერ გამიგზავნია ფული. ამ ქალსაც ვანებივრებდი, რითიც შემეძლო.
– მამიდაშვილს შერჩა თქვენზე ძალადობა?
– ჩემგან შერჩა, მაგრამ… მას მერე, რაც მათი სახლიდან წამოვედი, რამდენჯერმე სცადა ჩემთან სიახლოვე, მაგრამ არაფერი რომ არ გამოუვიდა, გამწარდა. ჰოდა, დედამისს კატეგორიულად მოსთხოვა: ნუღარ დაეხმარებით, ეგ არაფრის ღირსი არ არისო. ერთ დღეს მამიდა მომივარდა: გინდა, მკვდრები საფლავიდან ამოთხარო? რა დაუკმაყოფილებლობა გჭირსო? ვერაფერი ვუპასუხე, დებილი ბავშვივით ვიდექი და ვუსმენდი მის ლანძღვას. მერე მივხვდი, რომ გუჯამ “დაამუშავა”. ვინ იცის, რა როგორ უთხრა და მამიდამ სამუდამოდ მომიძულა. ბოლოს რომ ვნახე, 18 წლის ვიყავი.
– ახლა როგორ ცხოვრობთ?
– იცით, ახლა თითქოს ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ბედნიერად ვიგრძნო თავი: მაქვს ჩემი ბიზნესი. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ცივ ნიავს არ მაკარებს და მიუხედავად იმისა, რომ ცოლი ბიზნესმენი ჰყავს, თვითონ მაინც მუშაობს. მყავს ორი შვილი, მაგრამ… ადამიანების მიმართ უნდობლობას ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული გარშემო მყოფი ათასჯერ მაინც მყავს გამოცდილი სხვადასხვა საქმეში, მათ ბოლომდე მაინც ვერ ვენდობი. მეცოდება ჩემი ქმარი ჩემს ხელში. თუმცა, მან იცის, რომ ბევრი ცუდი რამ გადავიტანე თავის დროზე და ცდილობს, გამიგოს. მადლობელი ვარ მისი იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემ გამო გააკეთა და რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცოლად მომიყვანა. ჩვენ შორის დიდი სიყვარულია და ვდარდობ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რომ ვეჭვიანობ მასზე. ფსიქოლოგთანაც დავდიოდი, მაგრამ ვერაფერმა მიშველა. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ზედმეტი სიფრთხილე ყოველთვის ცუდი არ არის. ზუსტად ვიცი, ჩემს შვილებს ვერასდროს ვერავინ ატკენს გულს, რადგან მათ თვალს არასდროს ვაშორებ. თუმცა, ამას ისე ვაკეთებ, რომ ბავშვობა არ დავუმახინჯო და გული არ შევუღონო. ისინიც ცდილობენ, გამიგონ. დამახინჯებული ბავშვობა თითქოს, დიდი ხნის წინ უნდა დამევიწყებინა, მაგრამ ადვილი არ ყოფილა წარსულის ამოშლა.
დაბოლოს, მინდა ყველას გთხოვოთ: ენდეთ ადამიანებს, მაგრამ ბოლომდე საკუთარ დედმამიშვილსაც ნუ მიენდობით. ადამიანი სულელი არ უნდა იყო. მოზარდმა უნდა იცოდეს, მის ამა თუ იმ ნაბიჯს რა მოჰყვება.
http://gza.ambebi.ge