საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მედიისთვის რამდენიმე საკითხზე გააკეთა კომენტარი.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, დღეს პარლამენტში კონსტრუქციული სამუშაო პროცესი იყო ოპოზიციასთან.
„წარმოვადგინე მთელი წლის ანგარიში, თუ რა მიღწევები გვქონდა, რა გავაკეთეთ, რა არის გასაკეთებელი შემდგომში“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, გომელაურმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
„თქვენ ახსენეთ საოკუპაციო ხაზი და იქ პრობლემები რა თქმა უნდა, არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები დაცულნი. ასევე იყო საუბარი გამოძიებაზე, თვითმკვლელობის საქმეზე, უმძიმესი შემთხვევა იყო და ამაზე ვმუშაობთ. რთულია, მე ავხსენი კიდეც, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ ექსპერტიზა ჩავატაროთ, დავკითხოთ ხალხი, იქ მონაწილე ადამიანები იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვრცელდება ჩვენი კონტროლი იმ ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტები არიან, საიდანაც მოხდა ამ ადამიანის დაკავება და შემდეგ ასეთი სასტიკი მკვლელობა“, – განაცხადა გომელაურმა.
გაზრდილ მიგრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ შსს ამ სტატისტიკას არ აწარმოებს.
„კომპეტენტური ვერ იქნებოდა შსს-სგან ამაზე მაგალითების მოგვეყვანა და რიცხვებზე საუბარი. რაც იყო გამოქვეყნებული, ის პასუხები გავეცი, რაც მათაც, ოპოზიციას ჰქონდა ნანახი და ამოღებული“, – აღნიშნა გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურს კითხვა დაუსვეს მაჩალიკაშვილის საქმეზეც, რაზეც მინისტრმა განაცხადა: „ალბათ შესაბამისი უწყებები, პროკურატურიდან დაწყებული, სახელმწიფო ინსპექტორი დაინტერესდება და გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს შსს-ს არ დაევალება ალბათ. ჩვენი კომპეტენცია არ არის. როგორც გადაწყვეტს პროკურატურა და ასევე სახელმწიფო ინსპექტორი, თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ გასაკეთებელია, გააკეთებენ, თუ ჩათვლიან, რომ გასაკეთებელი არ არის, ალბათ არ გააკეთებენ“, – აღნიშნა გომელაურმა.
ამასთან, კითხვაზე, რომელიც სანქციების გვერდის ავლას შეეხებოდა, მინისტრმა აღნიშნა, ეს საკითხი ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის პრეროგატივაა, რომლებმაც არაერთხელ გააკეთეს ამაზე განცხადება.