ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკითხი ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა და მომზადდება პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნაზე. მან პოლიტიკურ ჯგუფებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
შალვა პაპუაშვილმა მიმართა ყველა ფრაქციასა და პოლიტიკურ ჯგუფს წინადადებით, რომ ყველამ დაასახელოს თითო წარმომადგენელი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში.
„ზოგადად, წესი არის, რომ ნახევარი იყოს უმრავლესობის და ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლობა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციიდან არ არის საკმარისი წარმომადგენლობა, შეიძლება, ეს ბალანსი არც იყოს დაცული. მივმართავ ოპოზიციას, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, ჩაერთონ დისკუსიაში, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კომისიის ამოცანა არის საზოგადოებასთან, მათ შორის რეგიონებში, შეხვედრების ორგანიზება და ამ კანონპროექტის გაცნობა. საზოგადოებისგან აზრის მოსმენა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ფრაქციას, ოპოზიციას განსაკუთრებით, რომ ჩაერთონ და დაასახელონ თითო წარმომადგენელი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს მაქსიმუმ ერთი კვირა, რომ ხელმოწერები გადაამოწმოს, ამავე დროს მოამზადებს დადგენილების პროექტს, რომელსაც შემდეგ სასესიო კვირაში განვიხილავთ, შევქმნით საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას, რომელსაც შემდეგ ექნება ერთი თვე, რომ ჩაატაროს შეხვედრები. ბოლოს უკვე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მოახსენებს პარლამენტს, რა არის შედეგები ამ განხილვების და უკვე პარლამენტი კომიტეტების და პლენარული სხდომის ფორმატში განიხილავს ამ კანონპროექტს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებები პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.
„მუხლი 1.
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.