თქვენს პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სამშობლოს სიძლიერე, თქვენი შრომა და ყოველდღიური ძალისხმევა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრმა თავდაცვის ძალების დღე მიულოცა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ყურადღება გაამახვილა ქართული ჯარისადმი საზოგადოების უდიდეს ნდობაზე.
„ქართული ჯარი ყველა პატრიოტისთვის არის დიდი პატივისცემისა და ნდობის სიმბოლო. ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების ურყევი მხარდაჭერით სარგებლობს“, – განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ისტორიულად ურყევ ღირებულებებს ემყარება და დღევანდელი თავდაცვის ძალებიც ამაყად აგრძელებს წინაპრების მხედრულ ტრადიციებს.
თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღე განსაკუთრებით მიულოცა სამხედროებს, რომლებმაც, მისი თქმით, არაერთხელ დაამტკიცეს სიმამაცე ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში.
მინისტრმა, ასევე მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს პატრიოტების აღზრდისთვის. მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების 33-ე საიუბილეო ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.