პირადად არ ვიცნობ მამა გიორგი მამალაძეს, მაგრამ რაც იმ კადრებიდან გამოჩნდა, ავადმყოფური ამბიციებით შეპყრობილი ჩანს, – ასე გამოეხმაურა „ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერი აკაკი ასათიანი „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. ციანიდის საქმესა და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს.
„ძალიან ბევრმა გადაწყვიტა, ხეირი ენახა ეკლესიის ავტორიტეტის შელახვით. ესენი არიან ამხანაგ ლენინის მიმდევრები, რადგან სასულიერო პირების ქონებაზე საუბრობენ. ეს არ არის ჩვენი საქმე. მეტიც კი უნდა იყოს, რადგან ის, რომ ევროპელობის პერსპექტივა გვაქვს, ჩვენი სარწმუნოების და ეკლესიის დამსახურებაა. 1700 წელია ის ამკვიდრებს ამ ტიპის კულტურას. ეს მარტო სარწმუნოება არ არის, ამაზე ჩვენი კულტურა დგას. ძლივს სული მოითქვა, ძლივს ფეხზე დადგა და 25 მილიონ ლარს ამადლის ხალხი მას, ხალხი, რომელიც 1000 დოლარად თავის ქვეყანას გაყიდის.
რაც შეეხება კადრებს, ძალიან მძიმე სანახავი იყო. პირადად არ ვიცნობ მამა გიორგი მამალაძეს, მაგრამ რაც იმ კადრებიდან გამოჩნდა, ავადმყოფური ამბიციებით შეპყრობილი ჩანს. გაჩაღდა ხორუმი ამ ამბის გარშემო. თავშეკავება მართებთ ღვთისმსახურებს და განსაკუთრებით, მაღალი სასულიერო იერარქიის პირებს.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ პატრიარქი ასაკშია, ავად არის და სუსტია, მინდა ვუთხრა, რომ პატრიარქი არის სათნო და სიყვარულით გამსჭვალული, მაგრამ ძალიან ძლიერი ადამიანი.
არ შემიძლია, არ ვთქვა ორი სიტყვა პატრიარქის მდივანზე. შორენა თეთრუაშვილს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი პატრიარქის დახმარებისა და გვერდით დგომის მხრივ და ეკლესიის გაძლიერებაში. სამწუხაროა, რომ ერთმანეთს უპირისპირდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ღვაწლი აქვთ ეკლესიის წინაშე. ისინი ეკლესიას უნდა ემსახურონ და იმედია, მიხვდებიან, რომ მათი საჯაროდ დაპირისპირება ისევ იმას ვნებს, რასაც ემსახურებიან – ჩვენს ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, თორემ ჩვენს რწმენას ვერაფერს დაუშავებს”, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.
