კოლუმბიური ავიაკომპანია Avianca-ს განცხადებით, ნიუ-იორკისკენ მიმავალ რეისზე მოულოდნელი ტურბულენტობის გამო რამდენიმე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაშავდა, რის გამოც თვითმფრინავი მაიამიში დაეშვა.
აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა ძლიერი ტურბულენტობის შესახებ განაცხადა, Avianca-ს 42-ე რეისი პარასკევს, დაახლოებით 03:25 საათზე, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
ავიაკომპანიის განცხადებით, ტურბულენტობის შედეგად ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი დაშავდა. მაიამის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში რვა ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ერთი მიღებული ტრავმით.
თვითმფრინავი მედელინიდან გაფრინდა და ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიემართებოდა. Avianca-ში განმარტავენ, რომ მარშრუტის ცვლილება მაიამის მიმართულებით “უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე” მოხდა და ამჟამად მგზავრებს ნიუ-იორკში გამგზავრებაში ეხმარებიან.
“Avianca ინარჩუნებს კონტაქტს დაშავებულ მგზავრებთან და ეკიპაჟის წევრებთან. ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება არის და დარჩება ჩვენი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად” – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
