„ჩვენ არავისგან არაფერს არ ვიღებთ“, – ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერასა და “რუსთავი 2”-ის საქმეზე წინასწარ დაწერილ ტექსტებზე იყო საუბარი.
ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ მან მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერასა და “რუსთავი 2”-ის საქმეზე წინასწარ დაწერილ ტექსტებზე არაფერი იცის. მისი განცხადებით, პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით არავისგან მესიჯებს არ იღებს.
„ჩვენ არავისგან არაფერს არ ვიღებთ, ჩვენ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ, შესაბამისი საქმის საჭიროებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არანაირ დირექტივებს და არანაირ მესიჯებს პროკურატურა მის საქმესთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს. ჩვენთვის ერთადერთი დირექტივა არსებობს – საქართველოს კონსტიტუცია და კანონები,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ დღეს განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი დაკავებულია პოლიტიკური მესიჯების მიღებით და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებით. ოთარ კახიძე მთავარი პროკურორის გადაყენებას ითხოვს.
