საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ მარნის კულტურის სახლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრო.
„ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები: ნინო გულოშვილი, ლადო გაბოძე, პაატა გაფრინდაშვილი, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქიტექტორები და სხვა მიწვეული სტუმრები.
კულტურის სახლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აბაშის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ჰარირამ“ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აბაშის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა და განხორციელდა შენობის როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სრული რეაბილიტაცია ყველა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით. კერძოდ, მოეწყო ახალი გადახურვა, სცენა ახალი განათება-გახმოვანების სისტემებით, აღდგა შენობის ისტორიული იერსახე, შენარჩუნდა შენობის ექსტერიერსა და ინტერიერში შემორჩენილი თითოეული არქიტექტურული თუ მხატვრული ელემენტი.
კულტურის სამინისტროს ინიციატივით მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის დეკემბერში შემუშავდა და შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო რეაბილიტაციის სამუშაოები. რეაბილიტაციის სრული ღირებულება 4 466 815 ლარს შეადგენდა.
ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს. ამ გამორჩეულ შენობას 2016 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს“, – ნათქვამია კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.