გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო. თავდაპირველად, ასამბლეის წევრებმა კენჭი უყარეს უკრაინის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიებიდან. რეზოლუციის ამ პროექტს 93-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 18 იყო წინააღმდეგი და 65-მა თავი შეიკავა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა მეორე რეზოლუციასაც, სახელწოდებით „გზა მშვიდობისკენ“, რომელიც აშშ-ის ავტორობით იყო წარდგენილი. ამ დოკუმენტს მხარი ასევე 93-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგი იყო რვა ქვეყანა, თავი შეიკავა 73-მა სახელმწიფომ.
ეს რეზოლუცია მიიღეს მხოლოდ ასამბლეის მხრიდან შეტანილი შესწორებებით და შესწორებული ვარიანტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა აშშ-მაც. შესწორებულ დოკუმენტს დაემატა, რომ რუსეთი გაერო-ს ქარტიის დარღვევით შეიჭრა მის უფრო მცირე მეზობელ ქვეყანაში.
გარდა ამისა, აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში გამოთქმულია მწუხარება „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს ადამიანების ტრაგიკული დაღუპვის გამო“, ასევე რეზოლუცია „შეიცავს მოწოდებას კონფლიქტის სწრაფად შეწყვეტისკენ და უკრაინასა და რუსეთს შორის მყარი მშვიდობის დამყარებისკენ“.