უკვე მეცხრამეტე დღეა აგოსტინო ჯემელის ჰოსპიტლის ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მდგომარეობა კრიტიკული რჩება.
ექიმებმა 88 წლის პაპი ფრანცისკეს საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება, სხეულის ტემპერატურის მატების და ჰაერის უკმარისობის გამო 14 თებერვალს მიიღეს. იტალიის წამყვანი მედიკოსების კონსილიუმმა დაადგინა, რომ მას პოლიმიკრობული დაავადება აქვს.
რომში აგოსტინო ჯემელის საუნივერსიტეტო კლინიკის წინ და ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან მორწმუნეები იკრიბებიან და პაპის ჯანმრთელობისთვის ერთობლივად ლოცულობენ.
საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პაპი ფრანცისკე კამერების წინ არ გამოჩენილა. მედია წერს, რომ მსგავსი რამ 2013 წელს მისი აღსაყდრების შემდეგ არ მომხდარა და იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც პაპმა მორწმუნეებს კლინიკიდანაც მიმართა.